რას ყვებიან სკოლაში ბიჭზე, რომელმაც დედა და ბებია ნაჯახით მოკლა

13:27 03-05-2020
778

თბი­ლის­ში 19 წლის ბიჭ­მა დედა და ბე­ბია ნაჯახით მოკლა, შემდეგ კი სხეულები დაანაწევრა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული 18 წლის სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლე მიხეილ ზაუტაშვილია. მოზარდი ჯერ მძინარე დედას გაუსწორდა შემდეგ კი ბებიას დაესხა თავს.

ბრალდებულის ადვოკატი, თამარ გაჩეჩილაძის, განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ხშირად იყო ძალადობის მსხვერპლი, როგორც სახლში ასევე სკოლაში. თუმცა ბულინგს გამორიცხავს იმ სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაცია, რომელიც 2017 წელს მიხეილ ზაუტაშვილმა, გავრცელებული ინფორმაციით, ძალადობის გამო დატოვა.

თბილისის მე-4 საჯარო სკოლის დირექტორის თქმით, მოზარდს არასდროს უთქვამს, რომ მას ჩაგრავდნენ. სხვა სკოლაში გადასვლის მიზეზი კი ოჯახის გადაწყვეტილება იყო, რათა ბიჭს პროფესიულ სასწავლებელში მიეღო განათლება. 

ბრალდებული ბოლოს ერთ-ერთ კერძო სკოლაში სწავლობდა. სკოლის სასწავლო ნაწილი, მაია დუდაური ამბობს, რომ ბავშვს დედის ინფორმაციით, ის დეპრესიული იყო და სკოლასაც ხშირად აცდენდა. 

„გადმოვიდა მეათე კლასში და მეათე კლასის ბოლომდე ისწავლა ჩვენთან. მეთერთმეტე კლასში ისევ საჯარო სკოლაში გადავიდა და მეთორმეტეში უკან გადმოვიდა. მკვლელობამდე 4 დღით ადრე დედამისი მეუბნებოდა, ცოტა დეპრესიაშიაო. ბოლო დროს ხშირად აცდენდა გაკვეთილებს“, - ყვება მაია დუდაური.

დაკავებული მოზარდის სკოლელი ამბობს, რომ ზაუტაშვილი პრობლემებზე არასდროს საუბრობდა და კონფლიქტური პიროვნება არ ყოფილა.

„პრობლემებზე არასდროს საუბრობდა. კონფლიქტური პიროვნება არ ყოფილა. ჩემი აზრით, ამის ჩადენა მართლა არ შეეძლო. ვერ ვხვდები, ეს როგორ გააკეთა“, - ამბობს დაკავებული მოზარდის სკოლელი, გიორგი კოპაძე.

ცნობისთვის, საზარელი მკვლელობა თბილისში ჩუღურეთის რაიონში, ზაზიაშვილის ქუჩაზე 25 თებერვალს მოხდა, სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს და დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

წყარო: სარკე