გორში, ადგილობრივმა კომუნისტებმა და სტალინელებმა, საბჭოთა კავშირის ლიდერის, იოსებ ბესარიონის ძე სტალინის გარდაცვალების 67-ე წლისთავი აღნიშნეს.
იოსებ სტალინი 1953 წლის 5 მარტს გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შესახებ, სტატია, საბჭოთა კავშირის გაზეთებში, 6 მარტს გამოქვეყნდა.
„qartli.ge“-ს ინფორმაციით, საჯარო რეესტრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, 6 ორგანიზაცია არსებობს, რომელიც საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის სახელთანაა დაკავშირებით. ორგანიზაციებს შორის არის ისეთიც, რომელიც სამეწარმეო საქმიანობითაა დაკავებული, მაგალითად, შპს სტალინის მეღვინე. რაც შეეხება სხვა ორგანიზაციებს, ესენია:
- სტალინის იდეურ მემკვიდრეთა საქართველოს კავშირი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი აქტიური
- ი.ბ.სტალინის ფენომენის შესწავლის, მემორიალების და ძეგლების აღდგენის ფონდი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი აქტიური
- სტალინის ფენომენის შემსწავლელი საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი ცენტრი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი აქტიური
- ი.ბ.სტალინის იდეურ მემკვიდრეთა კავშირი 2000 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება აქტიური
- ი.სტალინის სახელობის ავლაბრის არალეგალული რესტავრირებული სტამბა-მუზეუმი არასამეწარმეო (არაკომერციული).
შეგახსენებთ, რომ იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი (სტალინი) 1878 წლის 21 დეკემბერს, გორში დაიბადა. სწავლობდა ჯერ გორის, შემდეგ კი თბილისის სასულიერო აკადემიაში, საიდანაც ის მარქსისტული იდეების პროპაგანდისთვის გარიცხეს. ცენტრალური კომიტეტის მდივნად, იოსებ ჯუღაშვილი, 1922 წელს რამდენიმე გადასახლებისა და აქტიური ბოლშევიკური მოღვაწეობის შემდეგ აირჩიეს. 1935-38 წლებში, მის მიერ გატარებულ რეპრესიებს მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, მილიონზე მეტი ადამიანი შეეწირა. მის დამსახურებას მიაწერენ, მეორე მსოფლიო ომში ჰიტლერის არმიის დამარცხებას. მინიჭებული აქვს გენერალ სიმუსისა და საბჭოთა კავშირის გმირის წოდებები. სტალინი, 1953 წლის 5 მარტს გარდაიცვალა და დასაფლავებულია მოსკოვში, კრემლის გალავათან.
1952 წლიდან გორის ცენტრში სტალინის ძეგლი იდგა, რომლის დემონტაჟი 2010 წელს მოხდა. სტალინელები, ძეგლის დადგმას ყოველწლიურად, სტალინის დაბადებისა და გარდაცვალების დღეებთან დაკავშირებით მოწყობილ ღონისძიებებზე ითხოვენ.
სტალინის სახელობისაა ქალაქის მთავარი გამზირი, კიდევ ორი ქუჩა კი მისი მშობლების – ეკატერინე და ბესარიონ ჯუღაშვილების სახელებს ატარებს.
სტალინის გამზირისთვის, სახელის შეცვლას, ადგილობრივი აქტივისტები ითხოვენ.