თითქოს სკოლაში რვა წელზე ცოტა მეტი გაუტარებიათ - სებასტიან მოლინეუსი საქართველოს განათლების სისტემაზე

19:46 03-05-2020
265

საქართველოში ბავშვები სკოლაში 12 წელს ატარებენ, მაგრამ სინამდვილეში, ადამიანური კაპიტალის ინდექსში ვხედავთ, რომ მათი შედეგი ისეთია, თითქოს სკოლაში რვა წელზე ცოტა მეტი გაატარეს, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა განაცხადა.

მოლინეუსმა ახალ პროექტზე – „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ ისაუბრა და განცხადა, რომ პროექტი სამი კომპონენტისგან შედგება.

„პირველი კომპონენტია განათლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესება. ადამიანური კაპიტალის ინდექსში ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში ბავშვები სკოლაში 12 წელს ატარებენ, მაგრამ სინამდვილეში, მათი შედეგი ისეთია, თითქოს სკოლაში რვა წელზე ცოტა მეტი გაუტარებიათ. ეს ნიშნავს, რომ გაუმჯობესების დიდი საშუალებაა. მეორე კომპონენტი არის ფოკუსირება კადრებზე და მასწავლებელთა კვალიფიკაციაზე – ჩვენი გამოცდილებიდან სკოლებში, ყველამ ვიცით, რომ განათლებაში რაც არ უნდა კარგი სისტემა გქონდეს, თუ კადრები არ გყავს შესაბამისი, განათლების ხარისხი სათანადო ვერ იქნება. ძალიან მოხარული ვართ, რომ საქართველოს მთავრობა მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტს განათლებაზე გამოყოფს, რაც ნიშნავს, რომ ადამიანურ რესურსებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. მესამე კომპონენტია ინფრასტრუქტურა – ვნახეთ სკოლები, განსაკუთრებით რაიონებში, სადაც გათბობა შეშის ღუმელების მეშვეობით არის. სწავლისთვის გარემო კარგი და კომფორტული უნდა იყოს. ამიტომ მესამე კომპონენტში ჩვენი მიზანია სკოლებში გათბობის საკითხის მოწესრიგება და მეორეს მხრივ კი, ინოვაციები. კომპიუტერებისა და ტაბლეტების შეტანა, რომ ბავშვებს თანამედროვე საშუალებები ჰქონდეთ, რაც სწავლის შედეგებს გააუმჯობესებს“, – განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.

ცნობისთვის, ახალი პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ პრეზენტაცია დღეს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა.

პროექტს ხუთი ძირითადი მიზანი აქვს: სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდა; სწავლების ხარისხის გაუმჯობესება; უმაღლესი განათლების დაფინანსების პარამეტრების გაუმჯობესება და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან დაქვემდებარება; სისტემის გაძლიერება და დაინტერესებულ მხარეებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება; პროექტების მენეჯმენტის და მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გაუმჯობესება.