რატომ მოუნდა უცებ ყველას საქართველოსთან, ამ პატარა შავიზღვისპირა ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება? - ამ სათაურით ვრცელ სტატიას გავლენიანი გამოცემა Forbes აქვეყნებს.
სტატიის ავტორი, ეკონომიკისა და ბიზნესის მიმომხილველი კენნეტ რაპოზა ხაზს უსვამს საერთაშორისო კვლევებს, რომლის მიხედვითაც ბიზნესის თავისუფლების კუთხით საქართველო მოწინავე ქვეყნების რიგებშია.
„იდეა მდგომარეობს იმაში, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება პატარა ქვეყნებთან დიდ ზიანს ვერ მიაყენებს ამერიკის მუშა ხელს, რადგან ასეთი ქვეყნები დიდად ვერ გამოდგება, როგორც კორპორატიული რესურსების ახალი ტერიტორიული წყაროები - მაგალითად, ახალი ქარხნების აშენების გზით. საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ავღანეთის ომში, რომლის ნელ-ნელა დასრულება ტრამპმა, როგორც იქნა, ისურვა დაწყებიდან 18 წლის შემდეგ. რატომაც არ უნდა მივცეთ ქართველებს რამე სანაცვლოდ? ესეც ხომ გარიგების ნაწილია.
ნოემბერში ყოფილმა კონგრესმენმა ფლორიდიდან და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ტრიბუნალის ყოფილმა თავმჯდომარემ, ჯეიმს ბაქუსმა გაზეთში Financial Times მხარი დაუჭირა საქართველოსთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას.
თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება „კიდევ ერთხელ დაარწმუნებს რეგიონის ქვეყნებს, რომ აშშ კვლავინდებურად სთავაზობს მათ ალტერნატივას მათ გარშემო არსებული სახიფათო ავტორიტარული რეჟიმების ნებას საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ დამორჩილების საპირწონედ“, - წერს იგი, აშკარად მიუთითებს რა რუსეთზე. საქართველო ესაზღვრება რუსეთს. პრეზიდენტი ტრამპი ამჯობინებს ორმხრივ სავაჭრო გარიგებებს და თავს არიდებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ტარიფების ნორმებს წევრი ქვეყნებისთვის. შესაბამისად, „სანამ ჩვენ აღვადგენთ მრავალმხრივი მოლაპარაკებების ფორმატს, ჩვენ უნდა განვახორციელოთ მოლაპარაკებები ეკონომიკურად მზარდ ქვეყნებთან - ჩვენს მეგობრებსა და მსხვილ სავაჭრო პარტნიორებთან, - განაცხადა ინტერვიუში ბაქუსმა, - საქართველო უნდა იყოს ამ ქვეყნების სიაში“.
1 თვით ადრე კი მსგავსი განცხადებები გააკეთეს კონსერვატიული ორგანიზაციის Heritage Foundation წარმომადგენლებმა: ჯეიმს კარაფანომ და ალექსის მრაჩეკმა.
მათი მხარდაჭერა ეფუძნება Heritage Foundation ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს, რომელშიც საქართველო ლუქსემბურგთან იყოფს ადგილს. უფრო მეტიც, 2019 წელს საქართველომ 1 პუნქტით გაუსწრო კიდეც ლუქსემბურგს.
1921 წელს საბჭოთა რუსეთი შეიჭრა საქართველოში და განახორციელა ქვეყნის ოკუპაცია. 1992 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყანამ აღიდგინა დამოუკიდებლობა. თუმცა რუსეთი ისევ დაბრუნდნენ 2008 წელს და განახორციელეს საქართველოს რეგიონების: სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის უკანონო ოკუპაცია.
საქართველოს ეკონომიკის ძირითადი მიმართულებებია: მომსახურება, ტურიზმი, ნედლეული, ღვინო და მსუბუქი ინდუსტრია, მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების სიმარტივის ინდექსში საქართველო მე-7 ადგილზეა მსოფლიოში, ჩამორჩება რა აშშ-ს, მაგრამ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა გაერთიანებული სამეფო, ნორვეგია და შვედეთი. 6 წლის წინ საქართველომ გააფორმა ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან, რაც ნიშნავს ტვირთების თავისუფალ გადაზიდვის და მოქალაქეთა თავისუფალ მიმოსვლას ევროკავშირსა და საქართველოს შორის. გარდა ამისა, საქართველოს უკვე აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთსა და თურქეთთან.
დაახლოებით უკვე 8 წელია, რაც Heritage Foundation აქტიურად უჭერს მხარს აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას, ასახელებს რა მსგავს შეთანხმებას ჩინეთთან, როგორც ამისთვის საკმარის კიდევ ერთ მიზეზს.
ეს იდეა ხელახლა ამოტივტივდა Heritage Foundation-ის ვაშინგტონის ოფისში და 2015 წელს, ობამას ადმინისტრაციის დროს, გადაინაცვლა კონგრესში. მოწოდება საქართველოსთან შეთანხმების გაფორმებისკენ დაემთხვა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება საქართველოსთან განიხილებოდა, როგორც გამჭრიახი პოლიტიკური და კომერციული ნაბიჯი, რომელიც განამტკიცებდა უსაფრთხოებას და ამერიკის ბიზნეს შესაძლებლობებს.
„პრეზიდენტ ტრამპის დროს ჩვენ დავინახეთ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან საქართველოს ეკონომიკის შემდგომი დაახლოების შესაძლებლობა სავაჭრო შეთანხმების გაფორმების გზით“, - აცხადებს გიორგი ციკოლია, საქართველოს დესპანი და ქვეყნის #2 კაცი ვაშინგტონში. ციკოლიას თანახმად, ასეთი შეთანხმება სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყნის ბიზნესებს და გაუმარტივებს ამერიკულ კომპანიებს წვდომას ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანაზე ევრაზიაში, რომელთა ბაზარი მოიცავს დაახლოებით 2 მილიარდ მომხმარებელს.
ორგანიზაციის PwC 2018 წლის მაისის კვლევის პროგნოზით, ასეთი შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, შემდგომი 3 წლის განმავლობაში ამერიკის ექსპორტი საქართველოში დაახლოებით 20%-ით გაიზრდება, ხოლო 2 ქვეყანას შორის საქონლის ბრუნვა 2023 წლისთვის იქნება 515 მილიონი დოლარით მეტი - და ყოველივე ეს ძირითად სარგებელს სწორედ აშშ-ის ექსპორტს მოუტანს.
ციკოლიას თანახმად, ამჟამად საქართველოში 270-ზე მეტი ამერიკული კომპანიაა წარმოდგენილი სხვადასხვა სფეროში, ძირითადად სასტუმრო, ენერგეტიკის და პორტების ლოგისტიკის სექტორებში.
„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ შეიძლება წაახალისოს მეტი უცხოელი ინვესტორის შემოსვლა“, - აცხადებს Heritage Foundation-ის საგარეო პოლიტიკის შესწავლის განყოფილების დირექტორი ლუკ კოფი. იგი ასევე თვლის, აშშ-საქართველოს სავაჭრო შეთანხმება ორივე მხარისთვის იქნება სასარგებლო, რადგან ამით გაძლიერდება აშშ-ის პოზიციები რეგიონში, ხოლო საქართველო მიიღებს დახმარებას თავისი ეკონომიკის განვითარების და დასავლურ კაპიტალისტურ დემოკრატიებთან დაახლოების კუთხით.
თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება მცირე ქვეყნებთან და აშშ
2015 წელს ამერიკულმა იმპორტმა საქართველოში შეადგინა 340 მილიონი დოლარი, ხოლო 2019 წელს 768 მილიონი დოლარის ნიშნულს მიაღწია. შარშან ექსპორტმა საქართველოდან მხოლოდ 152 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ნაკლებია 2015 წლის მაჩვენებელზე (181,1 მილიონი დოლარი).
აშშ-ს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 11 პატარა ქვეყანასთან.
შარშან ამერიკამ განახორციელა 14,3 მილიარდი დოლარის ოდენობის ექსპორტი ისრაელში (ძირითადად, სოფლის მეურნეობის სექტორში), რაც აღემატება წინა წლის მაჩვენებელს (13,7 მილიარდი დოლარი). მეორე მხრივ, ისრაელის ექსპორტის დაახლოებით 37% ამერიკაზე მოდის. გარდა ამისა, აშშ არის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ისრაელში.
2019 წელს ამერიკამ კიდევ ერთ პარტნიორს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში - მაროკოს მიჰყიდა 3,4 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია, რაც აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს (3 ,მილიარდი). მაროკოსთან ამერიკას აქვს სავაჭრო ნამატი - 2018 და 2019 წლებში იმპორტმა შეადგინა 1,5 მილიარდი დოლარი.
დაბოლოს, იორდანიასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში ამერიკამ შარშან განახორციელა 1,4 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციის ექსპორტი, რაც ნაკლებია 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით (1,5 მილიარდი დოლარი). ამ შემთხვევაში ამერიკას დეფიციტი აქვს, რადგან 2019 წელს იმპორტის ღირებულებამ შეადგინა 2,1 მილიარდი დოლარი. აშშ წარმოადგენს იორდანიის უმსხვილეს საექსპორტო ბაზარს (24%).
საქართველოს შემთხვევაში იმპორტი ამერიკიდან შეადგენს 2,6%-ს, ხოლო ექსპორტი ამერიკაში - 4,5% (ჩინეთის შემთხვევაში იმპორტი: 9,4%, ხოლო ექსპორტი: 6,5%). ვაშინგტონში საგარეო პოლიტიკის სპეციალისტების აზრით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსთან ამერიკას მეტ „რბილ ძალას“ მისცემს ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის გეოპოლიტიკურ რეგიონში.
ტრამპის პრეზიდენტობის ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირი და იაპონია პროაქტიულად მოქმედებენ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად. მათ იციან, რომ ტრამპს მოსწონს ტარიფები. მათ ასევე იციან, რომ იგი ზიანს აყენებს მიწოდების გლობალურ ჯაჭვს. მათ იციან, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესები მას გულზე დიდად არ ეხატება.
„სულ ახლახან მივაღწიეთ სავაჭრო შეთანხმებების გადახედვას, - აცხადებს Heritage Foundation-ის ეკონომისტი ტორი სმიტი, - მაგრამ ახალი ბაზრების გახსნის თვალსაზრისით, ტრამპთან წარმატებას ჯერ ვერ მივაღწიეთ. ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს, საქართველო ჩვენს სიაშია შეტანილი, თუმცა ასევეა შეტანილი სრულფასოვანი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხი იაპონიასთან“. სმიტი ასევე აცხადებს, რომ ტრამპის ხელმეორედ არჩევის შემთხვევაში, ამ სიას დაემატება გაერთიანებული სამეფო, ევროკავშირი, შვეიცარია, კენია და ინდოეთი“.