„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, კუნძულ ბალიზე სამედიცინო კონფერენციის ფარგლებში ქართველი ექიმები იმყოფებიან. დღეს ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კუნძულზე არ არის ლაბორატორია, რომელსაც ახალი კორონავირუსის დადგენა შეუძლია. შესაბამისად უცნობია, არის თუ არა რისკქვეყნებს შორის კუნძული ბალი და დღეს საქართველოს საზღვარზე დადგენილი შეზღუდვებით, მოხვდებიან თუ არა ისინი პირდაპირ კარანტინში.
„პრაიმტაიმი“ დეტალების გასარკვევად ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა.
„როდესაც ჩვენი მოქალაქეები დაბრუნდებიან და მათ ეპიდემიოლოგები შეამოწმებენ, მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, წარადგენენ შესაბამის მოწმობას, თუ მოხვდებიან იზოლაციაში“, - ამბობენ ჯანდაცვაში.
ცნობისთვის, საქართველოში მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული მგზავრებისთვის 14-დღიანი კარანტინი სავალდებულო გახდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს.
„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებისას საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებაროს დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და გაიაროს 14-დღიანი სავალდებულო საკარანტინო პროცედურა.
საქართველოში ჩამომსვლელი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ან მოემგზავრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების გავლით, ექვემდებარებიან ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი არიან გაიარონ 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.