ვანდალური ფაქტი მოხდა დიდ დიღომში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძარში. დაზიანებულია ხატები და საეკლესიო სხვა ინვენტარი. ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ დავით შაქარიშვილის თქმით, შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა და მას თვითმხილველი არ ჰყავს. მისი თქმით, ეკლესია სავარაუდოდ ორმა პირმა დაარბია, რომლებმაც შიგნით სარკმლიდან შეაღწიეს.
„სარკმელი დიდი ქვით არის ჩამტვრეული. კიბეა მიდგმული და ასე შეაღწიეს ტაძარში. დაზიანებულია ანალოღია (საეკლესიო საწიგნე მაგიდა). ზეთით არის დასვრილი ხატები. წაქცეული იყო შვიდკანდელა. ასეთი ვანდალიზმი 1992 წელს მახსოვს.“ -ამბობს, ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით შაქარიშვილი „მთავრთან“ საუბრისას.
ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, ტაძრიდან ძვირფასი ნივთები და თანხა არ წაუღიათ.
„სიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ როგორც ჩანს გარეთ ვეღარ გამოდიოდნენ და ანალოღია დაუდგამთ სარკმელთან და ისე გამოქცეულან. ტაძრიდან არ არის წაღებული ფული და სხვა ნივთები.“ - ამბობს, ერთ-ერთი ადგილობრივი.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ქურდობის მცდელობას გულისხმობს.