„ცოდვიანი დავიბადე ამ ქვეყანაზე, ცოდვიანი“ - „დარაბებს მიღმა გაზაფხულია-ს“ „კოკა“ იუბილარია

16:10 03-09-2020
621

„ადამიანი - ლეგენდა, ერს და ბერს რომ აუძგერა გული და პულსი აგრძნობინა... ექვთიმე რომ გაგვიცოცხლა და ცრემლად გვაქცია...“ - ამ სიტყვებით ეხმიანება მსახიობ რეზო ჩხიკვიშვილს ფილმის - „ექვთიმე ღვთისკაცის“ პრემიერის შემდეგ ქართველი საზოგადოება. დღეს, გერმანიაში მოღვაწე მსახიობს 63 წლის იუბილე აქვს. 

width=600

ლეგენდარული ქართველი მსახიობი თითქმის 26 წელია გერმანიის ქალაქ ესენის „გრილოს“ სახელობის სახელმწიფო თეატრში მოღვაწეობს. გასულ წელს, თეატრმა, ერთგული შრომის და წარმატებული ღვაწლის აღსანიშნავად, მას საპატიო სიგელი გადასცა. „ღირსეულ მსახიობად მაღიარეს. გადმომეცა ფულადი ჯილდო და დასვენების დღეები, რომელსაც შებულებას მივუმატებ“ - ამბობს მსახიობი „პრამიტაიმთან“ ინტერვიუში. 

width=600

1974-1978 წლებში, რეზო ჩხიკვიშვილი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლობდა. ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში, 1978 წელს, რეჟისორმა ანზორ ქუთათელაძემ, რუსთავის თეატრში მიიწვია. ამ როლით, დიდად არ მოხიბლულა, რომელიმე კლასიკური პერსონაჟის განსახიერება ერჩივნა, მაგრამ სწორედ, ამ სპექტაკლმა მოუტანა გასაოცარი წარმატება.

„იმ პერიოდში, როცა „დარაბებს“ ვთამაშობდი და ამხელა გრძნობებით ვიცლებოდი, შეყვარებული არ მყავდა. მინდოდა, სპექტაკლი ვინმესთვის მიმეძღვნა და ასეთი ადამიანი, არ იყო ჩემ გვერდით. ვიყურებოდი ფარდიდან დარბაზში, ამოვირჩევდი რომელიმე ლამაზ გოგოს, ჰაეროვან კოცნას გავუგზავნიდი, დავიმახსოვრებდი მის თვალებს, სახეს და მას ვუძღვნიდი სპექტაკლს“, – რეზო ჩხიკვიშვილი.

80-იან წლებში რუსთავის თეატრის სცენაზე დადგმულმა სპექტაკლმა „დარაბებს მიღმა გაზაფხულია, რომლის რეჟისორია მიშა ბუკია, მსახიობებს - რეზო ჩხიკვიშვილსა და ეკა ქუთათელაძეს, არნახული პოპულარობა მოუტანა.

width=600

კოკას როლის შემსრულებელზე, ყველა გოგონა, უზომოდ შეყვარებული იყო. „ბებიაჩემი ისე წავიდა, ეგონა, ნათელი ბიჭი დამტოვა... ცოდვიანი დავიბადე ამ ქვეყანაზე, ცოდვიანი... ჩემს სიცოცხლეს, დედაჩემის სიკვდილი დასჭირდა, თვითონ კი, ჩემს შვილს განაჩენი გამოვუტანე და საყვარელ გოგონას სული დავუსახიჩრე... როდის ხდება ეს, როდის, როდის??? ერთ მშვენიერ დღეს, საკუთარ თავში, ღორს რომ აღმოაჩენ?… როდის ვხდებით პირუტყვები, როდის?… მილიონობით ნიღაბს ვიზომავთ და ბოლოს ყველაზე ყალბს, ყველაზე უხეშს, ყველაზე მახინჯს ამოვირჩევთ და ისე გეწებება ეს ოხერი, რომ კანიანად გინდა აიდღლიზო სახიდან, მაგრამ ვაი, რომ აღარ შეგწევს ამისი ძალა და ღონე... რატომ, რისთვის?! ადამიანს ხომ სინაზის, სიყვარულის უდიდესი მარაგი აქვს დაბუდებული მკერდში… აი, სად მოვახერხეთ ამისი ჩატკეპნა, რომელ სარდაფებში გამოვამწყვდიეთ, ღმერთო?!…

width=600

- 80-იანი წლების ყველაზე პოპულარული სპექტაკლის გმირის, კოკა მხეიძის გულიდან ამოსული მონოლოგი, იმ თაობის ყველა ახალგაზრდამ ზეპირად იცოდა. კოკას გმირი, მსახიობის, სავიზიტო ბარათად იქცა და სწორედ, ამ როლის გამო, წლის საუკეთესო მსახიობად აღიარეს - 1980 წელს კომკავშირის პრემიის ლაურეატი გახდა, პაატა ბურჭულაძესთან და თამრიკო გვერდწითელთან ერთად.

რეზო ჩხიკვიშვილი 1978 წლიდან, რუსთავის თეატრის მსახიობი იყო და დაოსტატების პირველი წლები, მარჯანიშვილელების „მეამბოხე თაობასთან ერთად გაატარა.

რუსთავის თეატრის შემდეგ, ახალი შემოქმედებითი ეტაპი უკვე მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე დაიწყო: - „შეყვარებულთა ციურ ბადეთა კუნძული, „თავადის ასული მერი, „ოტელო, „ლურჯი ურჩხული, „გრაალის მცველნი, „დიდოსტატის მარჯვენა, „კალიგულა...

- მენატრება, ჩემი ახალგაზრდობის დროინდელი თბილისი - მომღიმარი სახეებით, კარგი განწყობით, ცოტა მანქანით და სუფთა ჰაერით. მენატრება ის დრო, როცა ვთამაშობდი - „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“. ჩემი გული, სული, ფიქრები საქართველოს ეკუთვნის. მის გარეშე არ შემიძლია. მოვა დრო, როდესაც მთლიანად დავუბრუნდები ჩემ ქვეყანას. ვისურვებდი, რომ მეტად დაინტერესდნენ ჩემით ქართველი რეჟისორები და ხშირად მქონდეს, ქართულ პროექტებში მონაწილეობის საშუალება. მინდა, ორივე ქვეყანას - საქართველოს და გერმანიის ხელოვნებას ვემსახურო... და პატარა გულმხურვალე მშენებელი ვიყო ამ ორ ქვეყანას შორის“ - ამბობს მსახიობი, რამდენიმე ხნის წინ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში. 

2018 წლის 20 იანვარს გაიმართა, რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის ისტორიულ-ბიოგრაფიული ფილმის - „ექვთიმე ღვთისკაცის“ პრემიერა, სადაც მთავარ როლს, მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს.

width=600

„ადამიანი - ლეგენდა, ერს და ბერს რომ აუძგერა გული და პულსი აგრძნობინა... ექვთიმე რომ გაგვიცოცხლა და ცრემლად გვაქცია... ადამიანი - თავად სიყვარული“. „ექვთიმემ, რეზო სამშობლოს დააბრუნა და ღვთის კაცად აქცია!“ - წერენ სოციალურ ქსელში.

ცნო­ბი­ლი და ბევ­რის­თვის საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბი, დღემ­დე გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს. რეზო და მისი მე­უღ­ლე, მსა­ხი­ო­ბი ხა­თუ­ნა ჩა­გე­ლიშ­ვი­ლი, თითქმის 35 წე­ლია ერ­თად არი­ან. წყვილს, ორი ვა­ჟი - სანდრო და ლევანი ჰყავთ.

width=600

„ოჯახის შენარჩუნება - 34 წელი, არ არის ადვილი. და ჩემი და ხათუნას ცოლ-ქმრული ცხოვრებაც არ იყო ყოველთვის ია-ვარდით მოფენილი. რაზე დგას და ეს არის დათმენის უნარი, პასუხისმგებლობის განცდა და ურთიერთპატივისცემა. არსებობს სიყვარული, არსებობენ შვილები... ვამყარებთ ერთსულოვნებას. მე სულაც არ მეთაკილება სამსახურიდან დაბრუნებულ დაღლილ მეუღლეს ჩემი მომზადებული კერძით დავხვდე. პირიქით, ეს მსიამოვნებს.

width=600

როცა მეუღლეს არ სცალია, თვითონ ვიუთოვებ სამოსს. ერთმანეთს საქმეს ვუმსუბუქებთ. ურთიერთობაში მთავარია გული. გულს ვერ უბრძანებ. მას კი უნდა, რომ ერთად ვიყოთ. სიტყვიერად არ ამიხსნია სიყვარული. „მე შენ მიყვარხარ“ - ამის თქმა არასდროს მიყვარდა. ჩემი ხათუნასადმი სიყვარული გამოიხატებოდა ყურადღებაში, საქციელსა და თვალებში“ - ამბობს მსახიობი. 

შეგახსენებთ, რომ რუსთავის თეატრში სპექტაკლი „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“, რეჟისორმა მიშა ბუკიამ - 1979წ. დადგა. მთავარ როლში – რეზო ჩხიკვიშვილი და ეკა ქუთათელაძე, პიესის ავტორი – ლაშა თაბუკაშვილი. როლებში: - ია ხობუა, ირაკლი ღარიბაშვილი, ნანა დათუნაშვილი, კუკური ბექაია, გუჯა ქებაძე.

 

ავტორი: რუსა ღვანიძე