5 შემთხვევა ერთ დღეში - საქართველო ხანძრებმა მოიცვა

22:04 03-09-2020
150

საქართველოს ტერიტორიაზე დღეს ხანძრის 5 შემთხვევა მოხდა.

ვაკიჯვარი

გურიაში, სოფელ ვაკიჯვართან ხანძარი დილით მოხდა. ადგილზე 120-მდე მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი მუშაობდა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

წალენჯიხა

ტყის მასივი იწვის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, საკალანდიოს უბანში. ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებს რთული რელიეფი ართულებს. ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.  წალნჯიხის მერის ბესიკ ფარცვანიას ცნობით, ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ჩართულები არიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოსახლეობა. ხანძრის კერების ჩაქრობას ძლიერი ქარი აფერხებს.

ლიკანი

ხანძარია იყო ლიკანში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან ახლოს. ცეცხლი თავდაპირველად ხმელ ბალახს წაეკიდა, შემდეგ კი ხეებზე გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, ამ დროისათვის ცეცხლი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ახალციხე

ხანძარი გაჩნდა ახალციხეში სომხურ სასაფლაოზე.  ადგილზე მობილიზებულია სახანძრო–სამაშველო სამსახური და პოლიცია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხანძარი ერთ–ერთ საფლავზე დანთებულმა სანთელმა გამოიწვია. 

ქობულეთი

ხანძარია ქობულეთშიც ავტობანის მიმდებარედ, ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო ბრიგადის რამდენიმე ჯგუფი.  ცეცხლი ეკალ-ბარდებს უკიდია.