არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობისთვის 40 წლის კაცს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა

14:13 03-10-2020
48

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ, არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალური ძალადობისათვის  ბრალდებულ მამაკაცს 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დაზარალებული არასრულწლოვანის ადვოკატი, ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის იურისტი, ლია ხუროშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას სამართლიანად მიიჩნევს.

„სამართლიანი გადაწყვეტილებაა და ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი დანაშაულების აღკვეთისათვის. ასევე აუცილებელია, სახელმწიფო გააქტიურდეს, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის კუთხითაც“,- განაცხადა ხუროშვილმა.

შეგახსენებთ, 40 წლის მამაკაცი, რომელმაც 16 წლის არასრულწლოვანზე სექსუალურად იძალადა, სამართალდამცავებმა 2019 წლის ივნისში დააკავეს.

საქმის მასალების მიხედვით, მან ძალადობითა და მუქარით, გოგონასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა, რის შემდეგაც არასრულწლოვანს ბავშვი შეეძინა. ფაქტის დამალვის მიზნით, მამაკაცის ოჯახმა, გოგონას, ძალადობაში მხილებული პირის ვაჟზე ქორწინება შესთავაზა.

შესაბამისმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ 40 წლის მამაკაცი, ბავშვის ბიოლოგიური მამაა.

ძალადობის შედეგად დაბადებულ ჩვილზე, გოგონამ და მისმა ოჯახმა უარი თქვეს. სოციალურმა სამსახურმა ბავშვი სახელმწიფოს მზრუნველობაში გადაიყვანა.