ღირსეულმა ადამიანმა უღირსი საქციელი ჩავიდინე - დაკავებული პროკურორი

14:44 03-10-2020
683

„მე შევცდი, არ ვიცი როგორ, რანაირად, როცა თავად მე ღირსების მეტი არაფერი მქონია ცხოვრებაში, ეს უღირსი საქციელი ჩავიდინე ღირსეულმა ადამიანმა“,- ამის შესახებ სასამართლო პროცესზე განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულმა პროკურორმა დავით შაკიაშვილმა განაცხადა.

დავით შაკიაშვილმა მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენება სთხოვა.

„დიდი მადლობა ყველას, იმისათვის რომ მობრძანდით. მე არავისთვის მითხოვია, რომ ჩემი ინტერესები დაიცავით-მეთქი. ერთი თხოვნა მაქვს, იმ ადამიანს შეეშვით, ვინც ეს გააკეთა, თავისიც ეყოფა. ძალიან დიდი ბოდიში მინდა ჩემ კოლეგებს მოვუხადო, პროკურატურას. ის ადამიანები იქ მუშაობენ 24 საათის განმავლობაში და მათ შორის, მეც ვემსახურებოდი სახელმწიფოს. ყველაფერს ვაკეთებდით, რომ კრიმინალი შეგვემცირებინა. მე შევცდი, არ ვიცი როგორ, რანაირად, როცა თავად მე ღირსების მეტი არაფერი მქონია ცხოვრებაში, ეს უღირსი საქციელი ჩავიდინე ღირსეულმა ადამიანმა. არ ვიცი, სატანა დამაჯდა მხარზე, თუ რა ჯანდაბა მოხდა. მივატოვე 2 ოჯახი, ერთი – პროკურატურა და მეორე ჩემი ნამდვილი ოჯახი, რომელიც ასე მივატოვე. ძლივს ამოვედით გაჭირვებიდან და ისევ უკან ჩავვარდით. მე გთხოვთ, რომ გამოიყენოთ გირაო”,- განაცხადა შაკიაშვილმა.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ პროკურორმა დ.შ-მ მისი საპროცესო ხელმძღვანელობის ქვეშ, არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ბრალდებული პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, მოითხოვა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამი – 50 000 ლარის ოდენობით. ამასთან, პროკურორმა დ.შ-მ ადვოკატს განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებულს არ გაუფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება. ბრალდებულის ოჯახის წევრი დათანხმდა პროკურორის მოთხოვნას და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ.შ-მ, საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, ბრალდებულის მამას და ადვოკატს ქრთამის სახით გამოართვა მთლიანობაში 20 000 ლარი. ქრთამის აღების დროს პროკურორი დ.შ. საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა დააკავეს.