ხაზარაძე - ჯაფარიძე - წერეთლის საქმის განხილვა განუსაზღვრელი ვადით გადადო

15:53 03-10-2020
112

თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის საქმის განხილვა განუსაზღვრელი ვადით გადადო. მიზეზი საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის, ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. 

„ცხადია, რომ ჩვენ ველოდებით, რომ პროკურატურა გადადგამს იმ ნაბიჯს, რომელიც პასუხისმგებლიანმა პროკურატურამ უნდა გადადგას და შეწყვეტს ამ საქმის წარმოებას. რაც შეეხება პოლიტიკურ კონსენსუსს ეს შეეხება იმას, რომ პოლიტიკური ნიშნით დევნა უნდა შეწყდეს ამ ქვეყანაში და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ ეს არის კონსენსუსის ნაწილი, კონკრეტული შემთხვევების პრობლემების გადაწყვეტის მექანიზმი არ არის გაწერილი ამ შეთანხმებაში, მაგრამ ეს გულისხმობს ამ პრინციპულ შეთანხმებას, რომელიც უნდა გადაითარგმნოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 26 ივლისს შეუფარდა, თითოეულს 700 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მათ აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობის გარეშე.

საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი ასევე ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით გირაო 27 აგვისტოს შეუფარდა. ბრალდება წარდგენილია ავთანდილ წერეთლის მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).