ევროპარლამენტის წამყვანი დეპუტატები, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეთანხმებას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ, საერთო განცხადებით ეხმაურებიან.
„გასული კვირა იქცა შემობრუნების მომენტად საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ქვეყნის ძირითადი პოლიტიკური ძალების მიერ ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმით, რომელიც ადგენს არჩევნების ჩატარების წესს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ. ჩვენ გვსურს მივულოცოთ ამ, ზოგჯერ, დაძაბული დიალოგის ყველა მონაწილეს, რომ მათ პირველ ადგილზე დააყენეს საკუთარი ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესი“ - განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე - დევიდ მაკალისტერი (EPP, DE), ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელი - მარინა კალიურანდი (S&D, EE), საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მუდმივი მომხსენებელი საქართველოს საკითხებზე - სვენ მიკსერი (S&D, EE) და ვიოლა ფონ კრამონი, ევროპის მწვანეთა პარტიის წევრი (The Greens/EFA, DE).
სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის განმტკიცების მნიშვნელობის გათვალისწინებით, ტექსტის ავტორები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ „თავიდან აიცილოს ნებისმიერი დანიშვნა, რაც არ უწყობს ხელს ამ პროცესს.“
ევროპარლამენტარები გამოთქვამენ იმედს, რომ სრულად მოხდება შეთანხმების იმპლემენტაცია, რაც გულისხმობს შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადებას და მის სწრაფ დამტკიცებას პარლამენტის მიერ, რაც ხელს შეუწყობს მომავალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას OSCE/ODI -ის მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე.
„ეს ნაბიჯები გადამწყვეტი იქნება საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის შემდგომი შემცირებისა და მისი დემოკრატიის განმტკიცების თვალსაზრისით. ჩვენ ასევე ვაღიარებთ, რომ პლურალისტურ და დაბალანსებულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა მშვიდი და წარმატებული საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად“, - ხაზგასმულია განცხადებაში, რომელიც ევროპარლამენტარებმა გააკეთეს.