ნანა კაკაბაძე VS დავით კეზერაშვილი - სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

19:12 03-10-2020
625

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ნანა კაკაბაძის სარჩელი და პირველი ინსტანციის მიერ დავით კეზერაშვილის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება გააუქმა.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს სასამართლოში მას შემდეგ უჩივლა, რაც კაკაბაძემ „რუსთავი2“-ის ჟურნალისტს განუცხადა, რომ მის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაცია „არა ნაციზმს“ კეზერაშვილი აფინანსებდა. დავით კეზერაშვილის ადვოკატის თქმით, ამ განცხადებით შეილახა მისი მარწმუნებლის ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. კეზერაშვილის მხარე მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით ნანა კაკაბაძისთვის სიმბოლურად 1 ლარის დაკისრებას მოითხოვდა. საქალაქო სასამართლომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა და ნანა კაკაბაძეს მედიით გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა, ასევე მორალური ზიანის სახით 1 ლარის გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილება კაკაბაძემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

„დიახ, დღეს იყო პროცესი და სააპელაციო სასამართლო მოვუგე დავით კეზერაშვილს. სხვათაშორის ეს ის კეზერაშვილია, რომელთანაც ჩვენმა ხელისუფლებამ ყველა დავა წააგო, საქართველოსა თუ საზღვარგარეთ. მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს იურისტებს: თამუნა მაისურაძეს, ირმა ჭკადუას, გელა ნიკოლეიშვილს“, - ამბობს ნანა კაკაბაძე.

ცნობისთვის: 2018 წლის 13 ნოემბერს „რუსთავი2“-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც შეეხებოდა ნანა კაკაბაძისა და მის მიერ დაფუძნებული მოძრაობის „არა ნაციზმს“ საქმიანობას ამომრჩეველთა მობილიზაციასთან დაკავშირებით, სადაც ჟურნალისტის კითხვაზე - თუ რა სახსრებით ხდებოდა ამის ორგანიზება, ნანა კაკაბაძემ განაცხადა - „კეზერაშვილი გვაფინანსებს ჩვენ“. ასევე ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე - თუ რა უჯდება მას ეს საქმიანობა, კაკაბაძემ აღნიშნა, რომ - „დაურეკეთ კეზერაშვილს და გეტყვით რა უჯდება“.