აფრიკაში გატაცებული ქართველი მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნდნენ. ბათუმის აეროპორტში მათ ოჯახის წევრები, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი პირები დახვდნენ. მეზღვაურებს გემთფლობელი კომპანიის წარმომადგენელიც ჩამოყვა.
„ღამის ორ საათზე თავს დაგვესხნენ და გაურკვეველი მიმართულებით წაგვიყვანეს. ფიზიკურად არ ძალადობდნენ, მაგრამ პირობები ძალიან მძიმე იყო, არ გვყოფნიდა საკვები, წყალი. მოკლე დროში გაგვათავისუფლეს, რაც პირველ რიგში ბერძნული გემთფლობელი კომპანიის დამსახურება იყო, მესამე დღეს გავიდნენ მეკობრეებთან კავშირზე და მალე მოახერხეს შეთანხმება“, - იხსენებს ერთ-ერთი მეზღვაური.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, მეზღვაურებს გამოკვლევა გამომგზავრებამდე ჩაუტარდათ, ბათუმის აეროპორტშიც გაიარეს თერმოსკრინინგიც. მიქელაძის თქმით, ისინი არ იმყოფებოდნენ რისკის ჯგუფის ქვეყნებში, ამიტომ სახლებში გაშვება უსაფრთხოა.