აშშ-ში კორონავირუსის ექსპერიმენტული პრეპარატის კლინიკურმა ცდებმა ეფექტური შედეგები აჩვენა. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ აქვეყნებს.
გამოცემის ინფორმაციით, კლინიკური ცდების საშუალებით გაირკვა, რომ პრეპარატი „რემდესივირი“ პაციენტებზე დადებითად მოქმედებს.
პრეპარატის კლინიკური ცდების პირველი ოფიციალური შედეგები შემდეგ თვეში იქნება ცნობილი, თუმცა მას რიგ ქვეყნებში კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების სამკურმალოდ, მათი ნებართვით ექიმები უკვე იყენებენ. პრეპარატი გამოიყენება აშშ-ში, ჩინეთსა და იტალიაში. აღნიშნული პრეპარატით ჩატარებული კურსის შემდეგ აშშ-ში, ვაშინგტონის შტატში 35 წლის მამაკაცი განიკურნა.
როგორც ბრიტანული გამოცემა იუწყება, აუცილებელია, პრეპარატის სრული გამოცდა და დადგენა, ამსუბუქებს თუ არა პრეპარატი სიმპტომების სიმძიმეს.
ამერიკელი ინფექციონისტების თქმით, „რემდესივირი“ ყველაზე დამაიმედებელი პრეპარატია. აქედან გამომდინარე, ამერიკული ბიოტექნიკური კომპანია პრეპარატის დაჩქარებულ წარმოებას აპირებს.