შეთანხმება არის პაკეტში, ერთი მხრივ საარჩევნო ცვლილებები და მეორე მხრივ, პოლიტპატიმრების გათავისუფლება. როდესაც ორივე მოთხოვნა დაკმაყოფილდება, მაშინ დავუბრუნდებით საპარლამენტო მუშაობას, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე აცხადებს.
„ოლქებთან დაკავშირებით სამუშაოები გაგრძელდება. ოლქების საკუთარ თავზე მორგების მცდელობა უკვე არის. ღვინის ქურდები, ხმის ქურდები გაგვიგია, მაგრამ ოლქის ქურდები თუ გამოჩნდებოდნენ, არ მეგონა. უნდათ, რომ დიდი თბილისი გაყონ 7 ოლქად, ნაცვლად იმისა, რომ იქ იყოს 8 ოლქი. ეს არის მათი შიდა მოსაზრება. საბოლოო ჯამში, პარტიები შევთანხმდებით და ოლქებიც განაწილდება ისე, როგორიც ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნით და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებით გათვალისწინებული“, - აღნიშნა გოცირიძემ.
ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდა. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.