„შეუძლებელია, ადამიანს პოლიტპატიმარი ეწოდოს, რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტს 50 მილიონი მოიპარა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„შეუძლებელია, ადამიანს პოლიტპატიმარი ეწოდოს, რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტს 50 მილიონი მოიპარა. ამ ადამიანებთან მიმართებაში პოლიტპატიმრის სტატუსზე ვერ ვისაუბრებთ. ეს არ არის მხოლოდ ჩემი შეფასება. პირდაპირ ეთერში ყველამ ვნახეთ კადრები, თუ როგორ ხდებოდა პოლიციელებზე ძალადობა. ამ ადამიანებთან მიმართებაში, რომელ პოლიტპატიმრის სტატუსზე საუბარი? გიგი უგულავა, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი, თავად არ გაასაჩივრა მისი დამნაშავედ გამოტანილი გადაწყვეტილება და ეს არის საფუძველი, რომ ვინმეს პოლიტპატიმრის სტატუსზე ვისაუბროთ? - შეუძლებელია, დემოკრატიულ სახელმწიფოში ამ ბრალდებების ქვეშ მყოფ პირებთან მიმართებაში ვინმეს პოლიტპატიმრის სტატუსზე საუბარი. რაც შეეხება შეთანხმებას, შეთანხმება მიღწეულია. ამ შეთანხმებაში „ქართულმა ოცნებამ“ დიდი როლი ითამაშა, რათა ქვეყნისა და საზოგადოების სტაბილური განვითარება ყოფილიყო დღის წესრიგში დარჩენილი და რისკები არ ყოფილიყო იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, სტაბილურობას შეექმნას საფრთხე. ჩვენთვის პრიორიტეტულად მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის გრძელვადიანი და სტაბილური განვითარება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ოხანაშვილის თქმით, საზოგადოების დაკვეთაა სტაბილურ ქვეყანაში ცხოვრება.
„იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ სამთავრობო კრიზისების ფონზე წარიმართოს პოლიტიკური ცხოვრება. ჩვენს მიერ შემუშავებული მოდელი ითვალისწინებს, როგორც მაჟორიტარულ კომპონენტს, ასევე პროპორციულს. ეს არის მაქსიმალურად დაახლოებული მოდელი პროპორციულ სისტემასთან, ასევე უზრუნველყოფილია ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილური განვითარება. შეთანხმებაში არსად არ დაფიქსირებულა და ვერ ნახავთ, რომელიმე გვარზე მითითებას, თურმე, ვინმე შეთანხმდა რომელიმე პირის პოლიტპატიმრის სტატუსთან დაკავშირებით. როგორ წარმოგიდგენიათ შეთანხმება სამართლებრივ სახელმწიფოში? პოლიტიკოსები რაზე თანხმდებიან - მოსამართლე ვინმეს გამოუშვებს? არ არსებობს დიპლომატიური ენა იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმემ გაბედოს, ჩაერიოს მართლმსაჯულებაში პოლიტიკური დღის წესრიგის სტაბილურობის მიზნით. ასეთი რამე არ არსებობს. თუ ოპოზიცია იტყვის, რომ რომელიმე ცივილურ სახელმწიფოში არსებობს პრეცედენტი, რომ პოლიტიკოსები დიპლომატიურ კორპუსთან ერთად შეთანხმდნენ, ვინმეს პოლიტპატიმრის სტატუსი მიენიჭოს, ვინმე ციხიდან გამოუშვან და ვინმე დაიჭირონ, ეს არის ნონსესი. ასეთი შეთანხმება არ ყოფილა“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.