ზუგდიდის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ნატრული აკობიას განცხადებით, დღევანდელ პროცესზე ორი, თვითიზოლაციაში მყოფი ადვოკატი გამოცხადდა.
ნატრული აკობია სოციალურ ქსელში წერს, რომ ერთი მათგანი სხდომას დაესწრო, მეორემ კი გადადება მოითხოვა. ორივე უფლებადამცველი, სისხლის და სამოქალაქო საქმის პროცესისთვის თბილისიდან ჩამოვიდა. მოსამართლის თქმით, ადვოკატებმა განმარტეს, რომ ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.
„შესაბამისმა სამსახურებმა იქნებ გაგვარკვიოს, რატომ არ აკონტროლებენ თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს და რატომ გვტოვებენ დამოკიდებულს მათ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე, რომლის დეფიციტიც აშკარააა. ასეთი საქციელით კი, სასამართლოში დასაქმებულ ათეულობით მოსამსახურეს პროკურორებს, ადვოკატებს, პროცესის სხვა მონაწილეებს, მხარეებს, მომხმარებლებს შესაძლოა შეუქმნეს საფრთხე. ვიღებთ ზომებს შენობის სადეზინფექციოდ, შევატყობინეთ საპატრულო პოლიციას, ჯანდაცვის სამსახურს, მაგრამ ეს საკმარისია?, - წერს ნატრული აკობია.
საქართველოში დღეისთვის კორონავირუსის 23 დადასტურებული შემთხვევაა.
ავტორი:თეა შონია