რომის სამრევლოს წინამძღვარი მამა იოანე ხელაია, კორონავირუსით გამოწვეულ საგანგაშო მდგომარეობას ეხმიანება და სოციალური ქსელის საშუალებით საზოგადოებას მიმართავს:
„ალბათ, ასეც უნდა მომხდარიყო, რომ მეტად დაგვეფასებინა ერთმანეთი, მეტად გაგვეგო სიცოცხლის არსი და ფასი, რომ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი და მეტად ვუფრთხილდებოდეთ ერთმანეთს და იმ სამყაროს, რომელიც ღმერთმა შექმნა, ჩვენთვის, კაცთათვის! ახლა ისე უნდა ვიყოთ ერთად, როგორც არასდროს! მთელი სამყარო კარგავდა მთავარს, სიყვარულს! ყველაფრის დეფიციტზე იყო საუბარი; ნავთობზე, წყალზე, გაზზე და ასე შემდეგ! და ამ დროს, ყველაზე მეტი დეფიციტი დედამიწაზე - „უსიყვარულობა იყო! დიდი გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის, დიდი განსაცდელია! და განსაცდელი ან, გვაბოროტებს ადამიანებს და ან, გვაკეთილშობილებს! და მეტი სიყვარული! მეტი სიკეთე და ერთობა ერებში და ყველაფერი კარგად იქნება! უფალო, შეგვინდე ამდენი ცოდვები და უსიყვარულობა და შეგვიწყალენ!“ - წერს მამა იოანე.
შეგახსენებთ, რომ იტალიაში, კორონავირუსის გავრცელების მიზეზით შექმნილი საგანგაშო მდგომარეობის გამო, რომში მოქმედმა ქართულმა ეკლესიამ წირვა-ლოცვა დროებით შეწყვიტა. ამის შესახებ, რომის სამრევლოს Facebook-გვერდზე დაიწერა.