თბილისის ერთ-ერთი ბიზნესცენტრის თანამშრომელი კორონავირუსის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. საუბარია ვაკეში, ე.წ. პიქსელის შენობაში განთავსებულ ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომელზე.
აღნიშნულ ბიზნესცენტრში სხვადასხვა სავაჭრო დაწესებულება და კომპანიების ოფისებია განთავსებული, მათ შორის ჰიპერმარკეტიც, სადაც გვითხრეს, რომ ვირუსის ნიშნები ამავე შენობაში მომუშავე სხვა კომპანიის თანამშრომელს ჰქონდა.
ბიზნესცენტრის დირექტორი ალექსეი კლენჩევი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ მის არცერთ თანამშრომელს კორონავირუსის დიაგნოზი არ აქვს, თუმცა მისივე თქმით, მოიჯარე კომპანიების ნაწილმა თავად მიიღო გადაწყვეტილება, რომ დროებით თანამშრომლები სამსახურში არ გამოცხადებულიყვნენ.
„მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ ვინმე გადაიყვანეს კორონავირუსის ნიშნებით. ჩემი ინფორმაციით, არსებული რეკომენდაციების საფუძველზე ჩვენს შენობაში არსებულმა რამდენიმე კომპანიამ თანამშრომლებს მისცა მითითება, რომ სახლიდან იმუშაონ“, - გვითხრა ალექსეი კლენჩევმა.
„პიკსელის“ შენობაში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში კი გვითხრეს, რომ ახალგაზრდა ქალი ვირუსის მსგავსი სიმპტომებით ნამდვილად გადაიყვანეს, თუმცა მათთვის უცნობია ლაბორატორიული ტესტის შედეგები.