ქუთაისში Covid 19-ის ლაბორატორიული კვლევა დაიწყეს

17:33 03-13-2020
34

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოში მივიდნენ და იმ ლაბორატორიის მუშაობის პროცესს გაეცნენ, სადაც 12 მარტიდან დაიწყო  კორონავირუსის ლაბორატორიული კვლევა,  ლუგარის ლაბორატორიის პარალელურად, იგივე ტესტებით და მეთოდებით.  ამ პროცესისთვის , გასულ კვირაში , ლაბორატორიის თანამშრომელები  საგანგებოდ გადამზადდნენ ლუგარის ლაბორატორიაში.  ასეთივე კვლევები დაიწყო ბათუმშიც.


გუშინ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ლაბორატორიაში 8 პაციენტი იქნა შემოწმებული შესაძლო კორონავირუსულ ინფექციაზე და რვავე პასუხი უარყოფითია.


„უმნიშვნელოვანესია, რომ ლაბორატორიული კვლევები კორონავირუსულ ინფექციაზე უკვე ქუთაისშიც დაიწყო. ეს საშუალებას მოგვცემს უფრო სწრაფად,  ოპერატიულად და ნაკლები დანახარჯებით მოხდეს მოქალაქეთა გამოკვლევა  და შემდეგ შესაბამისი ზომების მიღებაც. სასიხარულოა, რომ დღემდე ქუთაისში არ დაფიქსირებულა კორონავირუსის გამოვლენის არცერთი ფაქტი. უარყოფითი იყო ამ ლაბორატორიაში ჩატარებული 8 კვლევის პასუხიც. დიდი იმედი გვაქვს, რომ ასეთი კოორდინირებული და ეფექტური მუშაობით, COVID 19-ს  გავუმკლავდებით“, -  განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.