მსახიობმა ასმათ ტყაბლაძემ მარტში ორი კაფე დახურა. მათგან ერთს 22 წლიანი ისტორია აქვს, მსახიობის ბევრი ტკბილი მოგონებისა და ემოციის შემნახველი.
ჩვენი რესპონდენტი უშიშარია, თუმცა ფრთხილობს. შვილი და შვილიშვილი დუშეთში ჩაიყვანა და პერიოდულად ჩადის მათთან.
ასმათ ტყაბლაძე: - პროდუქტების საყიდლად გავდივარ ხელთათმანებით. რომ ვბრუნდები, მერე იმათ ვყრი, ხელებს ვიმუშავებ. საკუთარი მანქანით ჩავდივარ დუშეთში, იქაც ჩემს სახლში შევალ, გამოვალ. კეფები დავხურე, სამი კვირის წინ „ბელვილი“, ორი კვირის წინ - „ჩობა“. ყოველდღე მივდივარ ვათვალიერებ, რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდეს, ჩემი კაფისგან მეზობელს პრობლემა არ შეექმნას. ყვავილებს ვრწყავ, ვანიავებ...
- ქალბატონო ასმათ, რას ფიქრობთ ამ სიტუაციაზე?
- ეს ღმერთისგან არ არის. ღმერთი ამას არ იზამდა. ეს ცუდი ტვინის მქონე მეცნიერების ნამოქმედარია. ფილმებსაც ხომ იღებენ მსგავს ეპიდემიებზე. რასაც იღებენ, მერე სრულდება. იგივე, ამერიკის ტყუპების დაბომბვაზე გადაიღეს ფილმი და მერე ახდა კიდეც. ცუდი შემკვეთის ხელი ურევია ამ საქმეს... ამ სოციალურ ქსელებში კიდე რასაც გინდა იმას დაწერ და ხმას მიაწვდენ ათასობით ადამიანს. ვკითხულობ, როგორ ლანძღვავენ ერთმანეთს. ამ გასაჭირში რა დროს ლანძღვაა? კორონა რომ გადაივლის, მერე შიმშილი დაიწყება, მარადიორობა დაიწყება. ახლა უნდა ერთმანეთის გვერდში დგომა. ამ დროს მე ვცდილობ სწორ ჭკუაზე მოვიყვანო ის ადამიანები, რომლებიც ილანძღებიან. ერთი ქალბატონი წერდა, ეს ემიგრანტები რატომ მოდიან, პასპორტები ხომ დახიეს თავის დროზე, ახლა რას ბრუნდებიანო? იმდენჯერ მივწერე ამ თემაზე დადებითი მოსაზრება, რომ ბოლოს ჩემს ჭკუაზე გადმოვიყვანე.
ჩვენი სამშობლო ყველა ქართველს ეკუთვნის. ეს მიწა მხოლოდ ჩემი და შენი წინაპრის სისხლით მორწყული კი არ არის. ყველა თავის სამშობლოში უნდა დაბრუნდეს. პასპორტი თუ დახიეს, რომელი ღმერთი გეუბნება არ აპატიოო? ან განსჯის უფლება ვინ მოგვცა? არ განიკითხოო, გვეუბნება იესო. ყველას თავისი ადგილი აქვს სამშობლოში. ჩემი სურვილია ყველა ქართველი იყოს საქართველოში. ზუსტად ახლა შეიძლება მობრუნდნენ ის გაუბედურებული ემიგრანტები, რომლებიც ვიღაცის მოსავლელად წავიდნენ. ზოგი ექიმი იყო, ზოგი პედაგოგი... უნდა დაბრუნდნენ!
როგორც ჭირი ვერ მალავს თავის თავს, ისე ავლენენ თავს ადამიანები ამგვარ სიტუაციაში. სხვათა შორის, ქართველებმა დახმარება ჭირში ვიცით. „ჭირსან შიგან გამაგრება ისე უნდა ვით ქვითკირსაო“... შენც მაგრად უნდა იყო და სხვასაც უნდა შეუძახო.
ძალიან მორწმუნე და ეკლესიური არ გახლავართ. მაგრამ რა უფლებით უნდა ვაკრიტიკო პატრიარქი ან ეკლესიური ადამიანი? მე ძალიან მიყვარს ჩემი სარწმუნოება, ყველა ეკლესიური და მორწმუნე ადამიანი და ჩვენი პატრიარქი. ზოგი მამაო იმის ღირსი არ არის მამაოს სტატუსი ჰქონდეს. მაგრამ ვიმეორებ, მე ჩემს სარწმუნოებას, რომელიც ჩემმა წინაპარმა მიიღო და ამდენ საუკუნეს ითვლის, პატივს ვცემ. რუსი მეცნიერი ამბობს, ქართველები მნიშვნელოვანი ერია თავისი კულტურითა და სარწმუნოებითო. სხვები ამას ამბობენ და ჩვენ როგორ უნდა ვთქვათ ცუდი ან ჩვენს თანამემამულეებზე ან ეკლესიაზე? არავის აუგად არ მოვიხსენიებ, ლანძღვაზე ლაპარაკი ზედმეტია.
„ფეისბუქზე“ ვიღაცამ ისიც დაწერა, აფხაზებს რატომ უნდა მივეხმაროთო? რატომ არ უნდა მივეხმაროთ? მედიცინაში, ბევრ რამეში გარკვეული ვარ. მე რომ ახალგაზრდა ვიყო, დასახმარებლად მოხალისედ წავიდოდი. ყველას დავეხმარებოდი, ვისაც ეს დასჭირდებოდა - აფხაზსაც, ოსსაც და რუსსაც... ქართველს, ბუნებრივია. შენი სამშობლო თუ არ გიყვარს, ვერც სხვას შეიყვარებ.
მინდა ისიც გითხრათ, რომ ჩვენი ექიმებით აღფრთოვანებული ვარ! საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, შავგრემანი ექიმი რომ არის, რატიანი, ვაიმე, რა საყვარელია! სოციალურ ქსელში ყველას ვუწერ მიყვარხარ-მეთქი. ახალგაზრდა რომ ვიყო, სხვა რამეს იფიქრებდნენ (იცინის). ყველა ექიმი მიყვარს როგორც პიროვნება და თავდადებული პროფესიონალი. ცერცვაძესთან, გამყრელიძესთან საერთო ნაცნობები მყავს. მსახიობი საშა იოსელიანი პაატა იმნაძის უახლოესი მეგობარი იყო. მისგან ვიცნობ პაატას. საბჭოთა კავშირის დროს საოცარი განათლება მიიღეს. ძლიერი ფიზიკოსები, მათემატიკოსები, მედიკოსები გვყავს იმ დროიდან მოყოლებული.
ყველა ამ ექიმს სახეზე ეტყობა, რომ უპატიოსნესი ადამიანები არიან. და ვინც მათზე ცუდს იტყვის, თვითონ არის უვარგისი. როგორ შეიძლება ამ ხალხზე ცუდი თქვა და მით უმეტეს ახლა! პირიქით, აღფრთოვანება უნდა გამოვთქვათ, რომ ასეთ სიტუაციაში ასე თავდადებულად იღწვიან...