"რომ მითხრან, მიდი პატრიარქთან, კორონა შეგეყრება და შენით დამთავრდებაო, დღესვე გავაკეთებ" - ეთერ თათარაიძე

17:20 04-02-2020
1768

ეთერ თათარაიძეს დღევანდელი საქართველო ამძიმებს და გულს უკლავს. ფოლკლორისტი ვერაფერს გულს ვერ უდებს. ვერც წერს, ვერც წიგნს ეკარება, ვერც საყვარელ საქმიანობას აგრძელებს - თოჯინებს ვერ კერავს. 

პრაიმტაიმის მკითხველს თავის ნააზრევსა და გულიდან წამოსულ სიტყვებს ეუბნება.

ეთერ თათარაიძე: - ფოლკლორში ბევრი მაგალითია, როცა ქვეყანას სენი იპყრობს, ადამიანის ცდუნებას ბოროტი ცდილობს, როგორ გადაარჩენს უფალი, როგორ გამოეცხადება ღვთისმშობელი, წმინდა გიორგი... როგორც წესი, კეთილისა და ბოროტის ბრძოლა, მთელ დედიწაზე, ცოცხალ სამყაროში სულ მიმდინარეობს. ბევრი მაგალითია იმისა, რომ მართლა გადავრჩენილვართ.

- ახლა რას ფიქრობთ?

- ასეთი სნებოვნებების დროს მოთმენისა და სიფრთხილის მეტს ჩვენი წინაპრები არაფერს აკეთებდნენ. ჯვარხატისა და ეკლესიის დიდი იმედი იყო. ამ საშინელმა სნებოვნებამ მთელ სამყაროს გამოუცხადა ომი. სიფრთხილეს თავი არ სტკივაო, ამბობენ. ეკლესიის რამდენიმე მსახურს დაუფიქსირდა კორონავირუსი. შემძრა როცა ვნახე, როგორ მიდის წირვის დროს ცარიელ მოედანზე რომის პაპი... ჩვენი უწმინდესის სიყვარულში ვერც ვერავინ შემეცილება. ბოლოსდაბოლოს, მეც მთის ქალი ვარ და მეამაყება, რომ ასეთი ბრძენი, უთბილესი და უტკბილესი პატრიარქი გვყავს. რომ მითხრან, მიდი პატრიარქთან, ემთხვიე ყველა ხატს, კორონა შეგეყრება და შენით დამთავრდებაო, დღესვე გავაკეთებ, ოღონდ შეჩერდეს ეპიდემია. 

ძალიან ჭრელი საზოგადოება ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პაწაწა ქვეყანა გვაქვს. რწმენაშიც უცნაურობა გვჭირს. მორწუმენე ადამიანისთვის რაღაცის გადარწმუნება ძალიან ძნელია. განსაკუთრებით ისეთი კატეგორიისთვის, რომელიც ნახევრად მორწმუნეა და თავის რეკლამირებაში ყველას ჯობნის. ასეთი ბევრია გარშემო. წირვებს არ აცდენს, ეზიარება, სამაგიეროდ, ისე გაგიმეტებს და ისე გადაგთელავს, რომ არც დაფიქრდება. 

იქნებ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ. მარინა ეზუგბაიას სულ ვუსმენ და მესიმპათიურება, ცდილობს და დაქანცულ მდგომარეობაშიც არ გვამადლის ინფორმაციის მოწოდებას. ის კარგად ხედავს ინფექცურ საავადმყოფოში რაც ხდება. თუმცა მაინც თქვა, რომ თუ პატრიარქის კურთხევა იქნება, წავა ლიტანიობაზე. ალბათ, საჭიროდ ასე თვლის, მაგრამ სხვა რელობა რომ გვაქვს? ყველას თავისი არჩევანის თავისუფლება აქვს. მე ვიტყვი ჩემს თავზე, ჩემი ქვეყანის გადასარჩენად ნებისმიერ ავადობაზე წამსვლელი ვარ. მაგრამ თუ ვიცი, რომ სიბრიყვეა რაღაცის გაკეთება, არ გავაკეთებ. სიფრთხილისა და სიმშვიდის მეტი არაფერი გადაგვარჩენს. 

- როგორია ახლანდელი საქართველო თქვენი თვალით?

- ვაიმე, საშინელი... 64 წლის ვარ და ისე გამიძნელდა ამ სიტუაციაში ყოფნა, იმდენი საწერი, წასაკითხი მაქვს, გულწრფელად გეტყვით, ვერაფერს გულს ვერ ვუდებ. ხან რას მოვიგონებ, ხან - რას. შვილიშვილებს ხალხურ თოჯინებს ვუკერავდი, ვეღარც იმას ვაკეთებ. თუმცა დღეს ვთქვი, მოდი, დღეს ვცდი, გავაკეთებ-მეთქი. 

ჩემი თოჯინები ღილისგან ჩითისგან, ბამბაზიისგან, ხის ხელ-ფეხით მზადდება. ძალიან კეთილები არიან... 

ერთი პარტნიორი მყავს, კორონა რომ გადაივლის, თოჯინებთან დაკავშირებით იდეები გვაქვს. გვინდა, ამ სასაცილო თოჯინებით დავამარცხოთ და დავცინოთ კორონას, როგორც ხევსურები სიკვდილს სიმღერით დასცინოდნენ. 

ჯანმრთელობა და ბედნიერება მთელ დედამიწას.

ავტორი: თამარ გონგაძე