"ჩცდ"-ს დაინფიცირებული მსახიობების ახალ კლასტერს ველოდები" - ვინ ეწინააღმდეგება სერიალის გადაღებას?

13:57 04-03-2020
408

ფორმულა კრეატივი შეკეტილია და იღებს ჩემი ცოლის დაქალები - კარანტინში. სპეცსერიები დღეს დაიწყება და მას ნოველების სახე ექნება, პერსონაჟების ისტორიებით. დაგეგმილია ცხრა სერიის გადაღება. როგორც პროდიუსერი ირაკლი საღინაძე ჩვენთან საუბარში ამბობდა, უსაფრთხოების ყველა ზომა აქვთ დაცული.

 ირაკლი საღინაძე: – იქნება რამდენიმე ნოველა ადამიანური ისტორიებითა და ემოციებით. ზოგ პესონაჟს თვითიზოლაციაში ნახავთ, ზოგს იძულებით კარანტინში, ზოგსაც ნებაყოფლობით კარანტინში.

ნოველებში პერსონაჟებს წყვილებად გადავიღებთ ხუთ ლოკაციაზე. ერთი ნოველის (წყვილის ისტორიის) შემდეგ მეორეს გადავიღებთ და ასე შემდეგ. თითოეულ გადასაღებ მოედანზე მაქსიმუმ ორ მსახიობს შევუშვებთ.

ჯგუფი ყველანაირად იზოლირებული იქნება ყველა უსაფრთხოების წესების დაცვით, შესვლის წინ დეზინფექცია, გამოსვლისას – დეზინფექცია. გვეყოლება სარეზერვო ჯგუფები.

როგორც ირაკლი ამბობს, გადაღების დროს სირთულეებს გადააწყდნენ. საორგანიზაციო კუთხით, სპეცსერიების გადაღება მარტივი არ აღმოჩნდა. 

ამ გარემოებაში გადასაღებად რთული პროექტია, სამაგიეროდ, ძალიან კარგი გამოწვევაა. გულწრფელი სულისკვეთება გვაქვს, რომ ამ საერთო შიმშილში და საინფორმაციო გამოშვებით გადაჯერებულ ველში, ადამიანებს გასართობი შევთავაზოთ - ამბობს  ირაკლი პრაიმტაიმთან. 

სერიალის ამ სიტუაციაში გადაღებას რეჟისორი რუსუდან ჭყონია ფეისბუქზე ეხმიანება. ის მიიჩნევს, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს ამ პროექტის გადაღებები საფრთხეს შეუქმნის მსახიობების ჯანმრთელობას და ის არ უნდა გაგრძელებულიყო. 

რუსუდან ჭყონია: - ველოდები ახალ კლასტერს ჩემი ცოლის დაქალების გადაღების დროს ინფიცირებულების. ფორმულა, ასეთი უგულო უპასუხისმგებლო დამოკიდებულება როგორ გაქვთ, როგორ საერთოდ პატივს არ ცემთ იმ ხალხს, ვინც თქვენთვის მუშაობს! სამი კაცის გარდა შეკრება აკრძალულია, ყველა ბიზნესი გაჩერებულია, ქვეყანა ცდილობს ებრძოლოს ეპიდემიას და წინ აღუდგეს მის გავრცელებას და ამდროს რომ სერიალს იღებ, მაინტერესებს, ირღვევა თუ არა კანონი, როდესაც მსახიობებს საგანგებო მდგომარეობის დროს სერიალში თამაშს აიძულებ. კასტინგი მქონდა და შევწყვიტე იმიტომ კი არა, რომ მსახიობები არ მივიდოდნენ და შეეშინდებოდათ. იმიტომ, რომ რისკის ქვეშ არ ჩემეგდო არავინ, თან კასტინგი რეალურად ასჯერ უფრო უსაფრთხოა. კაკაჩიას ვინც თამაშობს, 60 ს გადაშორებულია, რისკჯგუფის ასაკშია.

ჭყონიას ფილმის „და ჩვენი ვიცეკვეთ“ პროდიუსერი ქეთი დანელია ეხმიანება.

ქეთი დანელია: - ნამდვილად იცავენ ყველა წესს, რასაც მე ვხედავ. ეგრე თუ მიუდექი, რუსო, ტელევიზიები უნდა დაიხუროს და სახელწიფო ყველა სტრუქტურა, ჟურნალისტები და მთავრობის წევრები ყველაზე დიდი კლასტერია. ყველაფერი ვერ გაჩერდება და არ არის საგანგაშო სიტუაცია ქვეყანაში.

ეს არ არის საინფორმაციო გადაცემა და როგორმე შეიძლება სერიალის გადაღება რომ დააპაუზონ და მსახიობები რისკის ქვეშ არ ჩააგდონ - პასუხობს რუსუდანი. 

ირაკლი საღინაძე კი რუსუდან ჭყონიას კრიტიკას ასე პასუხობს.

ირაკლი საღინაძე: - რუსუდანმა რომ იცოდეს, პოცედურულად როგორ ვიღებთ, ნაკლებს ილაპარაკებდა და საკუთარ საქმეს მიხედავდა. საქმე ძალიან მარტივადაა. ძალიან ბევრი ადამიანის ხელფასია ამაში, პლუს საინტერესო გამოწვევაა. ყველანაირი წესია დაცული. გადასაღებ მოედანზე ცხრა ადამიანია, იძულებული ვართ ვიმყოფინოთ. გაგვაკრიტიკოს, არა უშავს. მას თავისი აზრი აქვს, მე - ჩემი. 

 

ავტორი: თამარ გონგაძე