vip მძღოლი ქალის გულახდილი ინტერვიუ - რა შეიცვალა მგზავრების ქმედებაში, საგანგებო სიტუაციის დროს

11:37 04-04-2020
2918

თათული მელქაძე საკმაოდ სასიამოვნო გარეგნობის, ახალგაზრდა ქალია და ერთ-ერთ კომპანიაში, ტაქსის მძღოლად მუშაობს. „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ის გვიყვება მძღოლის სამუშაოს თავისებურებებზე.

 

კომპანია „ბოლტის“ მძღოლი ვარ. სანამ აქ დავიწყებდი მუშაობას, „ვოლტის“ კურიერად ვმუშაობდი. უამრავ ადგილზე მიმუშავია და მინდა გითხრათ, რომ ყველაზე მეტი საშინელება კურიერად მუშაობაა, ჯოჯოხეთი გამოვიარე. ძალიან რთულია მანქანიანი კურიერისთვის: ცალკე საცობი, ცალკე - პარკირების პრობლემა. მიდიხარ ობიექტზე, მანქანა ისე უნდა დააპარკინგო, რომ დიდხანს რომ მოგიწიოს გაჩერება, ხელი არავის შეუშალო. მერე მომხმარებელთან რომ მიგაქვს შეკვეთა, ახლა იქ უნდა ეძებო პარკინგი.

 

თან, მომხმარებელთა 90-მა პროცენტმა საკუთარი მისამართი არ იცის. მქონდა შემთხვევა, მივედი კორპუსთან, ვურეკავ დამკვეთს და ვეკითხები, - რომელი სადარბაზოა? - შუა სადარბაზოში შემოდიო. არა და, 4 სადარბაზოა და კითხვას რომ ვუბრუნებ, გაღიზიანებული ხმით მეუბნება - შუაშიიი... თან სადარბაზოსთან რომ მიხვალ, ხომ ურეკავ, რომ მიხვედი. ახვალ კიბეზე და კიდევ უნდა დაურეკო, რომ კარი გააღოს. - უი, უკვე გავაღო? - გეკითხება და ლამის გავგიჟებულიყავი ამ დროს. ხომ შეიძლება, კართან მაინც დაგხვდეს და არ გაწვალოს, მაგრამ - არა, რადგან კურიერი ხარ, უნდა იწვალო და მიართვა შინ. კურიერის შრომა არის დაუფასებელი.

- ტაქსიზე ამიტომ გადახვედით?

- ეს რაღაცნაირად, თითქოს ჩემგან დამოუკიდებლად მოხდა. მეგობრებთან ერთად რესტორანში ვიყავი სწორედ იმ პერიოდში, როცა კურიერად ვმუშაობდი. გოგონები რომ გამოვედით, ტაქსი გამოვიძახეთ და მოვიდა საკმაოდ ასაკიანი ქალბატონი და გადავირიეთ, ისე მოგვეწონა და გაგვიხარდა. ახალგაზრდა ქალები კი მენახა ტაქსის მძღოლებად, მაგრამ ასაკიანი ქალბატონი პირველად ვნახე და ისე მომეწონა, მაშინ ვიფიქრე, რომ არ იქნებოდა ურიგო, მეც ტაქსიზე მემუშავა. და გეტყვით, რომ ასე კარგად თავი არც ერთ კომპანიაში არ მიგრძნია. 

 

 

 

მე მაქვს ძირითადი სამსახურიც, სადაც დღეგამოშვებით ვმუშაობ. ძალიან ენერგიული ადამიანი ვარ და არ ვიცოდი, ის დრო სად წამეღო, როცა არ ვმუშაობდი. დივანზე წამოწოლის მომხრე არა ვარ. ერთი პერიოდი ჟურნალისტიკის კურსები გავიარე, ფოტოგრაფია ვისწავლე, სულ მინდა, რომ რაღაცას ვაკეთებდე და გადავწყვიტე, რომ ეს თავისუფალი დრო გამომეყენებინა. თუმცა, სურვილი მაქვს, რომ უფრო შინაარსიანი საქმე ვაკეთო, ხელოვნებასთან დაკავშირებული. მაქვს ოცნება, ვიყიდოსახლი საბურავებზე“, შემოვიარო ჩემი ქვეყნის ულამაზესი ადგილები და გადავიღო ფოტოები. მჯერა, რომ ამ ოცნებას აუცილებლად ავიხდენ.
 

- მგზავრებს მოსწონთ ქალი მძღოლი? გენდობიან?

 

- უხარიათ, ქალი რომ მიდის. კარგი, ჯანსაღი რეაქცია აქვთ. გოგონებს განსაკუთრებით უხარიათ. რაც შეეხება მამაკაცებს, იღიმიან და - რა პატივი გცეთო, მეკითხებიან. ჯენტლმენობის სურვილი უჩნდებათ. მაღაზიასთან გამაჩერებინებენ და ზოგი ღვინოს ყიდულობს საჩუქრად, ზოგი - ტკბილეულს. ძალიან უხერხული მომენტია ხოლმე, მაგრამ ისეთი ალალი გულით მჩუქნიან, რომ უარის თქმაც მიძნელდება. უნდა გენახათ, ახალ წელს როგორი საჩუქრებით დატვირთული მივედი სახლში. მგზავრები არ უხეშობენ, ძალიან კარგად იქცევიან. ერთადერთი მამაკაცი მახსენდება, რომელმაც მითხრა, - ჩემს ცოლს არ ვამუშავებდი ტაქსის მძღოლადო. - მე ხომ თქვენი ცოლი არ ვარ-მეთქი, ვუთხარი.

 

 

- კოლეგებთან ურთიერთობთ?

- რა თქმა უნდა, ძალიან გულისხმიერი კოლეგები მყავს. წარმოიდგინეთ, როგორი კარგები არიან, რომ   „whatsapp”-ში ჩვენს ჯგუფსტკბილი ოჯახი ჰქვია. საკმარისია, ერთი დავპოსტო, რომ რამე მიჭირს, ყველანი მზად არიან, დამეხმარნენ. ყურადღებიანები არიან როგორც ჩემს მიმართ, ასევე  ჩვენი ჯგუფის ნებისმიერი  წევრის მიმართ

 

მოგეხსენებათ, აპლიკაცია საშუალებას იძლევა, კლიენტებმა კომენტარი დაგიტოვონ. სწორედ მადლიერი კლიენტების დამსახურებაა, რომ ტოპ მძღოლის სტატუსი მაქვს. რის გამოც კომპანიამ 500 ლარი გადმომცა საჩუქრად, როგორც საუკეთესოს. 

 

ახლა მე რომ გამომიძახებენ, აპლიკაციაში ჩემი სახელის გვერდით ეწერება ვარსკვლავი და მგზავრმა იცის, რომ საუკეთესო მძღოლი ემსახურება.

 

- შემოსავლიანი საქმეა ტაქსიზე მუშაობა?

 

- კი, შემოსავლიანი საქმე ნამდვილადაა. ჩვენ კომპანია გვაკონტროლებს, 12 საათიანი სამუშაოს მერე აპლიკაცია გვებლოკება და შეკვეთებს ვერ ვიღებთ, რადგან მძღოლს ჰქონდეს დასვენების საშუალება. როგორც ამბობენ, კვირაში 900 ლარის გამომუშავებაც კია შესაძლებელი, როცა მთელი დატვირთვით მუშაობ.

- ყველაზე დასამახსოვრებელი მგზავრი ვინ იყო? 

- ყველაზე დასამახსოვრებელი მგზავრი იყო ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ერთ-ერთ ეგზოტიკურ ქვეყანაში მუშაობს ექიმად და დრო და დრო ჩამოდის შინ. რომ ჩაჯდა მანქანაში, მითხრა, - როცა გავიგე, ქალი უნდა მოსულიყო, ავბრუნდი სახლში და საჩუქარი გამოვიყოლეო. მარჯნის სამაჯური მაჩუქა. იმის მერე არც მომიხსნია ის სამაჯური. ამ შემთხვევიდან 2 თვე იყო გასული, გამოძახებაზე მივედი, ვერ ვიცანი ის მამაკაცი, რადგან სახით მგზავრებს ვერ ვიმახსოვრებ და თვითონ მითხრა, - მიხარია, ჩემი ნაჩუქარი სამაჯური რომ გიკეთიათო.

- დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, შეიცვალა რამე, კლიენტისა და მძღოლის ურთიერთობაში? 

- არაფერი შეცვლილა. გარდა იმისა, რომ პირბადეებით არიან, ფანჯარასაც ჩამოწევენ ხოლმე, როგორც წესია. უკითხავთ, ხომ არ მაქვს სპირტი ან სადეზინფექციო ხსნარი. რა თქმა უნდა, მაქვს სადეზინფექციო საშუალება, მეშინია, სახლში ბავშვებთან არ მოვიტანო ვირუსი. ასევე, ცდილობენ, ქეში არ იქონიონ და ბარათით გადაიხადონ მომსახურების საფასური. ადრე თუ „ნახვამდის“ მეუბნებოდნენ, ახლა „ჯანმრთელობას გისურვებთო“, მეუბნებიან. 

 

- ალბათ კომენდანტის საათის გამო შედარებით ადრე ამთავრებთ მუშაობას.

 

- კი, გვიან ღამემდე ვმუშაობდი ხოლმე. ახლა იძულებული ვარ, 9 საათზე სახლში ვიყო. უნდა ნახოთ, როგორ მიმყავს ბოლო მგზავრი, რომ მეც მოვასწრო სახლში მისვლა. გუშინ „სპარის“ ბავშვები იდგნენ მაღაზიასთან, ტაქსის ელოდნენ და გადატვირთვის გამო დააგვიანდა, 9 საათამდე ვერ ასწრებდნენ შინ წასვლას. შემეცოდნენ, ვერც მე მოვასწრებდი, ისინიც რომ წამეყვანა და შინაც დროულად მივსულიყავი. შევთავაზე, ჩემთან წაგიყვანთ და ღამეს ჩემთან გაგათევინებთ-მეთქი, მაგრამ უარი მითხრეს, მაღაზიაში შევბრუნდებითო. მერე რა ქნეს, არ ვიცი და ისე კი ძალიან ძალიან შემეცოდნენ. იმედია, მოგვარდება მალე ეს სიტუაცია და იმედია, რომ დიდხანს არ გასტანს. ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, ლიცენზიის მქონე ან ბრენდირებული მანქანების მძღოლებისთვის გამონაკლისი დაეშვათ, 9:30 წუთამდე. ეს საშუალებას მოგვცემდა, მგზავრები მიგვეყვანა სახლებში და ჩვენსც მშვიდად და აუჩქარებლად დავბრუნებულიყავით.