ჩემი შემოსავალი სიმბოლური ხელფასია ტელევიზიიდან, საკმაოდ დაკნინებული შევხვდი კორონავირუსს - როგორ უმკლავდება ია ფარულავა კრიზისს

12:41 04-06-2020
1906

მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა, რამდენიმე წლის წინ ბიზნესში ჩაერთო.

თბილისის ძველ უბანში  მის სასტუმროს უამრავი უცხო ტურისტი სტუმრობდა, თუმცა კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების შემდეგ, როგორც სხვების, ფარულავას სასტუმროც დაიხურა.

ია ფარულავას „პრაიმტაიმს“ კორონავირუსისგან გამოწვეულ კრიზისულ ვითარებასა და აქტუალურ თემებზე ესაუბრა.

- ქალბატონო ია, უკვე კარანტინის რეჟიმში გვიწევს ცხოვრება, როგორ გაგყავთ დრო და ხომ არ მოგბეზრდათ მუდმივად სახლში ყოფნა?

- სამ დღეში ერთხელ გავდივარ სახლიდან, ისიც ცოტა ხნით. მივდივარ საყიდლებზე და ასევე ავდივარ სასტუმროში. იქ ხეები და მცენარეებია, რომელსაც მოვლა სჭირდება. როგორც მსოფლიოს დანარჩენი მოქალაქეები მეც ვეგუები სახლში ყოფნას.

შეიძლება ითქვა, მომწონს კიდეც ეს სიტუაცია, იმიტომ რომ არ მაქვს იმის შეგრძნება, რომ სადღაც უნდა გავიქცე და რაღაც უნდა მოვასწრო.

ყველა სტრესის ქვეშ ვართ და ბუნებრივია ეს რთულია. სოციალურ ქსელში გავრცელდა ხუმრობა, სახლის სხვადასხვა ნაწილებში მოგზაურობის შესახებ და მეც ასე ვარ.

აბაზანა არის ჩემი სპა და სალონი, სადაც თმის მოწესრიგებიდან სახის კანის მოვლით ყველაფერს ვიკეთებ. ასევე მაქვს სარბენი ბილიკი, ვარჯიშის დროს რაიმე საინტერესოს ვრთავ და ვუყურებ „ნეტფლიქსს“, მაქვს წიგნის კითხვის კუთხეც, თუმცა სიმართლე გითხრათ, გულს ნაკლებად ვუდებ. ასევე, ვამზადებ კერძებს, გავიხსენე ჩემი ძველი ნამცხვრების რეცეპტები და ამით გავერთე. თუმცა დღეს უკვე დიეტა დავიწყე. ვცდილობ დავიცვა ყველა რეკომენდაცია რასაც გვაძლევენ.

- თქვენს სასტუმრო ბიზნესზე, როგორ აისახა კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობა?

- სასტუმროს ბიზნესის პრობლემები კორონას ჰორიზონტზე გამოჩენამდე დაიწყო, რთული ნოემბერი გვქონდა, დეკემბერი და იანვარი კი ურთულესი. ეს დაკავშირებული იყო რუსეთთან ფრენების ჩაკეტვასთან. ამ სანქციამ სასტუმროს ბიზნესის ყველა წარმომადგენელი ცუდ დღეში ჩააგდო. მარტში ბევრი ჯავშნები გვქონდა, მაგრამ 16 მარტს დავკეტეთ სასტუმრო, პერსონალი სახლში გავუშვით და გაჩერებულები ვართ.

- საქართველოში ყველა ბიზნესს ახლავს საბანკო ვალის ვალდებულება, თქვენც არ იქნებით გამონაკლისი...

- ბიზნესზე სესხი არ მაქვს, მაგრამ მაქვს პირადი კრედიტი, რომელიც ბინისთვის ავიღე და ღმერთს მადლობა ეს სესხი ლარებში მაქვს.

სამი თვით გამიჩერეს გადახდა, მაგრამ შესაძლოა კიდევ სამი თვით მოვითხოვო გაჩერება, ესაა დიდი თანხა და ამ ეტაპზე ჩემი შემოსავალი სიმბოლური ხელფასია ტელევიზიიდან, ამიტომ ნამდვილად ვერ შევძლებ გადახდას.

- დაახლოებით რა ოდენობის ზარალი მოგადგათ?

- რამდენს ვკარგავთ ვერ ვიტყვი, მაგრამ როცა დავხურეთ სასტუმრო სახლიდან ფულის მიტანა არ დაგვჭირდა ხარჯებისთვის. სასტუმრო თავის თავს ინახავდა, მაგრამ ბოლო 3-4 თვე არანაირი მოგება არ გვხვდებოდა. საკმაოდ დაკნინებულები შევხვდით კორონავირუსს.

რაღაცნაირად ვცდილობთ თავი გავიტანოთ. იმედი მაქვს საზღვრები გაიხსნება, საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა უნდა გახდეს, სადაც ჩამოვლენ ტურისტები თუნდაც იმიტომ რომ ასე მედგრად ვებრძვით ვირუსს.

- დადებითად აფასებთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას?

- სახელწიფოს მხრიდან უპრეცენტო ზომები იქნა მიღებული, ადრეულ პერიოდში ატეხა განგაში. კარგად უდგებოდნენ და წინ უსწრებდნენ მოვლენებს, რამაც შეგვინახა და სამაგალითო ქვეყნად გამოგვიყვანა. საუბარი აღარ მაქვს ბრწყინვალე სამეულზე, ვირუსოლოგებზე, ეპიდემოლოგებზე.

ცერცვაძე, გამყრელიძე, იმნაძე ესენი არიან საოცარი სამეული, რისი იმედიც გვაქვს და ბრწყინვალე შედეგებს დებენ.

ლევან რატიანის და ქალბატონ ეზუბაიას დანახვაც ყველას გვიხარია ეკრანზე. პრემიერ-მინისტრი ბრწყინვალე კრიზის-მენეჯერი აღმოჩნდა, კარგად გაართვა თავი და მეამაყება ის ნაბიჯები რაც გადაიდგა ამ ბრძოლაში.

- კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს საზოგადოების ნაწილი ხედავს ზიარებიდან, თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

- მე მინდა საქართველო ითვლებოდეს სეკულარულ სახელწიფოდ, მაგრამ როგორც ჩანს არ ვართ. ეკლესიას დიდი გადამწყვეტი ხმა და ძალა აქვს.

როგორ წარიმართება აღდგომას მოვლენები არ ვიცი, იმედი მაქვს ორივე მხარე და ხალხი გონივრულად შეხედავს ამას, მე პირადად 11 წლიდან დავდიოდი ტაძარში, მაგრამ ორჯერ ვარ ნაზიარები. ზიარება ჩემთვის საკრალური საიდუმლოა და არ მინდა ყოველ კვირას ვეზიარო.

ზიარებაზე როცა მიდიხარ დიდ საიდუმლოს უნდა ეზიარო. მე ერთი კოვზის წინააღმდეგი ვარ ოქროსი იქნება თუ ხის, მაგრამ მე ვინ მეკითხება? არ ვიცი მეოთხე საუკუნეში დადგინდა თუ როდის, მაგრამ კოვზი სახარებაში არ არის ნახსენები.

არ ვარ კომპეტენტური და ვერც დავიწყებ ქექვას, ვერავის მოვუწოდებ როგორ მოიქცეს. ეს საკრალური თემაა და არ მინდა შევეხო. მოდით ყველამ დავუჯეროთ ჩვენს ეპიდემიოლოებს და მათი რეკომენდაციები ბოლომდე შევასრულოდ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს.