წყვილი, რომელსაც პატარა გოგონა გარდაეცვალა, ტყუპს ელოდება - „ველოდებით ნიას გამოგზავნილ სასწაულებს“

10:36 04-07-2020
1483

ქეთი ცირეკიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ ის და მისი მეუღლე, ვახო გოგუა, ტყუპს ელოდებიან.

რამდენიმე ხნის წინ, პატარა გოგონა, ნია, რომელსაც უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა, მძიმე დაავადების გამო გარდაიცვალა.

შვილმკვდარი დედა წერს:

“ჩემი ცხოვრება ორად გაიყო-შენთან ერთად და შენ შემდეგ, დედიკო.

პატარა ამბავს მოგიყვებით…
ნია რომ მოევლინა ქვეყანას, თითქოს არაფერი მომხდარა არაჩვეულებრივი, თუმცა მან მაგრძნობინა, რა არის დედაშვილობა, ან უფრო მეტი…

ოცნებად ჰქონდა, ძმა ჰყოლოდა, მაგრამ ვერ ავუსრულე, უფალმა არ მომანიჭა ეს ბედნიერება. ისევ, მიუხედავად დიდი სურვილისა, მან უკეთ იცის, როდის რა არის საჭირო მოკვდავთათვის… არასოდეს მითქვამს უფლის საყვედური და აუგი, არც გონებაში გამივლია…

ნიას შემდეგ რა დღეები მითენდება და მიღამდება, იცით ნაწილობრივ მაინც… ნიასთან რომ დავდიოდი, ვემუდარებოდი, დე, წამიყვანე შენთან ან ვინმე გამომიგზავნე, ვინც აზრს მისცემს ცხოვრებას-თქო

4 თვის წინ გავიგე, რომ ჩემში ახალი სიცოცხლეა, დავიბენი, რთული იყო ამის გაცნობიერებაც და დაჯერებაც და როცა ექიმთან წავედი დასაზუსტებლად და მითხრა, რომ ტყუპს ველოდები, ერთადერთი, რაც მახსოვს, არის, რომ უზაროდ ვტიროდი და ვიმეორებდი – ნია, დე.

და ახლა ჩვენ: მე, ანანო, ნია და ვახო ველოდებით ნიას გამოგზავნილ სასწაულებს და თავისი ოცნების ახდენას, მას ძმები ეყოლება უფლის მადლით.
არანაირი გენეტიკური ხაზი არ გვაქვს ტყუპის…
ვიცი, რომ ჩემს და ნიას გულშემატკივრებს, ვინც ჯერ არ იცით ეს ამბავი, გაგიხარდებათ.
მადლობა…”