ორი წელია, რაც პოლიტიკოსი რატი სამყურაშვილი მძიმე სენს ებრძოდა. მას ტვინის უმძიმესი ფორმის სიმსივნე ჰქონდა, უკანასკნელი ორი თვე კი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. 42 წლის პოლიტიკოსი ვერაგ სენთან ბრძოლაში დამარცხდა.
მწერალი თეონა დოლენჯაშვილი პრაიმტაიმის მკითხველს უყვება, თუ როგორი კეთილი, უანგარო, მოსიყვარულე, იშვიათი ადამიანი იყო რატი. თეონა პოლიტიკოსის ცოლის, ტელეწამყვანისა და მწერლის, ეკა ტოგონიძის მეგობარია.
თეონა დოლენჯაშვილი: - თერთმეტი წელია რატის ვიცნობდი და ვმეგობრობდი მასთან. ის ჩემი უახლოესი მეგობრის მეუღლე იყო. მართლა ძალიან დასანანია ისეთი გონებისა და ინტელექტის ადამიანის წასვლა, როგორიც ის იყო. ქართულ პოლიტიკაში მას არ დასცალდა იმ მისიის შესრულება, რაც ევალა. იშვიათად მინახავს მის მსგავსად ნაკითხი და გონებრივი შესაძლებლობების ადამიანი, რაც მთავარია ღირსეული. ჩვენ ერთად ვიყავით პოლიტიკურ სკოლაში, ერთ ჯგუფში და ერთი წელი ვუყურებდი მის გამოსვლებს. მთელი ჯგუფი აღფთოვანებაში მოვყავდით. მართალია, ჩვენგან განსხვავებით, რატი გამოცდილი პოლიტიკოსი იყო, თუმცა დიდი მოაზროვნე რომ იყო, ამას ყველა აღიარებდა. სამწუხაროდ, მას კარგად არ იცნობდნენ და წინ ჰქონდა მთელი პოლიტიკური ცხოვრება.
რაც შეეხება მის ადამიანურ მხარეს: გულს ამოიღებდა და მოგცემდა. ასეთი გულის ბიჭი იშვიათად შეგხვედრიათ. ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარებოდა, სრულიად უცნობებსაც. უშუალოდ შევსწრებივარ, მისი თანდასწრებით ერთმა ადამიანმა როგორ გამოთქვა წუხილი, რომ სამსახური დაკარგა და ორი მცირეწლოვანი შვილით უსახსროდ დარჩა. ძალიან მალე ამ ადამიანმა მიიღო შეტყობინება და რატისგან ჩაერიცხა დაახლოებით ორი წლის ხელფასის ოდენობის თანხა! ასე გაცემა შეეძლო. თან ამას არ ახმაურებდა. უმეტესად ხომ იმიტომ აკეთებენ სიკეთეს, რომ მერე ასეთ ადამიანებზე ითქვას, რა კარგი ბიჭია. რატი ინკოგნიტოდ აკეთებდა ამას.
ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი რატის ცოლთან მიდგომით, ღირსეული ქმრობითა თუ მამობით. სულ ვფიქრობ თუთაზე. ერთია მამის დაკარგვა, მეორე - ასეთი მამის. სიყვარულიც აუწონავი და უკიდეგანო იცოდა. ყველაფერს ეკასთვის და თუთასთვის აკეთებდა.
ეკას და რატის ურთიერთობას ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ვაკვირდებოდი. კრიზისში და განსაკუთრებით ასეთ დროს, როცა ადამიანი მძიმე სენითაა შეპყრობილი, ურთიერთობა ლაკმუსის ქაღალდივითაა. მე ვნახე სიყვარულის დაუჯერებელი ისტორია. ეკას, როგორც შეყვარებული ქალის გმირობის ისტორია! ერთია, რომ გინდოდეს, მეორეა, რომ შეძლო. მოქვითინე ეკა არასდროს მინახავს. რატისთან გაღიმებული, ოპტიმისტური, ბედნიერი და პოზიტიური იყო მუდამ. ყოველთვის ამხნევებდა. ეკა იყო მენეჯერიც, ექიმიც, სანიტარიც, ცოლიც, დედაც და ფსიქოლოგიც. გაოგნებული ვიყავი. ბოლო თვეები ისე უვლიდა, შოკში ვვარდებოდი. დღე და ღამე არ ეძინა. ახლა მომწერა, მთელი ცხოვრება მზად ვიყავი მომევლო, თუნდაც ასეთ მდგომარეობაშიო. ბოლოს უკვე შეიძლება ყველაფერი ესმოდა, მაგრამ არ მეტყველებდა. დარწმუნებული ვარ, ეკა რასაც ეტყოდა, ეფერებოდა, მას ესმოდა. მე მსგავსი სიყვარულის ისტორია არც წიგნშიც წამიკითხავს და არც ფილმში მინახავს.
ეს ორი წელი სიკვდილთან ყოველდღიური და ხელჩართული ბრძოლა იყო. ავსტრიაში როცა იყვნენ, მეც მათთან ერთად ვიყავი.
ისეთი სიყვარულით და რწმენით აკეთებდა ეკა ყველაფერს, მწერალი ვარ და ამის აღწერა მე გამიჭირდება... ეს სიტყვებად არ ითქმის.
ადამიანის სული ყველაფერზე ძლიერია. ასეთ სიყვარულს და თავდადებას დასასრული არ უნდა ჰქონდეს. დარწმუნებული ვარ, არც ექნება.
ეკასთვის ქმართან ფიზიკური განშორება ყველაზე რთულია ახლა.
ვიზიარებ და მე ჩემს საკუთარ თავსაც ვუთანაგრძნობ რატის დაკარგვას, ასეთი ძვირფასი მეგობრის.
ყოფილი დეპუტატი რატი სამყურაშვილი გუშინ გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ცოლმა, ეკა ტოგონიძემ ფეისბუქის მეშვეობით გაავრცელა.
ეკა ტოგონიძე: უშენოდ არაფერი ყოფილა და არც არაფერი იქნება. პირველ პირში ფიქრს დიდი ხანია გადავეჩვიე. ჩემი ყველა ფიქრი მეორე პირშია და ერთადერთი ადამიანისკენაა მიმართული. ეს არის ყოველწამიერი და უწყვეტი ფიქრი, როგორც არსებობა, როგორც სუნთქვა.
სუნთქვა იმ ერთადერთისთვის, რომლის გვერდზე დგომაც იყო პატივი.
რადგან ის არის ყველაზე სუფთა, კეთილი სული, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ. იმაზე დიდი და ღირსეული, ვიდრე ადამიანს შეუძლია დაიტიოს.
ვერც ხალხის, ვერც ცრემლის რაოდენობა ვერ გამოხატავს, ვერ დაეწევა, ვერ ამოავსებს უძირო ორმოს გულში. მოსვლის გარეშე გულში შეგიძლიათ უპასუხოთ სიყვარულით. გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს და ერთმანეთს.
ისედაც ვიცი, ყველაფერი ვიცი...
შეხვედრამდე ჩემო ერთადერთო. მადლობა, რომ მე ამირჩიე. შეხვედრამდე.