მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობმა ქეთი ქიტიაშვილმა სახლში გამოკეტილი ბავშვებისთვის ზღაპრების ჩაწერა დაიწყო. მსახიობი კითხულობს ტრადიციულ და თანამედროვე ზღაპრებს, იწერს ვიდეოს და თავის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე კვირაში ორჯერ ათავსებს. როგორც ის პრაიმტაიმთან ამბობს, მოთხოვნის გაზრდასთან ერთად ქეთი ზღაპრულ ლაივჩართვებსაც გეგმავს.
ქეთი ქიტიაშვილი: - იცით, ამ პერიოდში რაზე დავფიქრდი? რისთვის მოვედი ამქვეყნად? ყოველდღე ვფიქრობ, აბა, დღეს მე ვის რა ვარგე? ტყუილად ყოფნა არ შეიძლება და გეტყვით, ამ სასარგებლო საქმის კეთებისკენ სამხატვრო ხელმძღვანელმა მიბიძგა. დიმიტრი ღვთისიაშვილმა დავალება მოგვცა, ბავშვებისთვის წაგვეკითხა ზღაპრები. მე გადავწყვიტე დავალება განვავრცო და სხვადასხვა ასაკის მოზარდისთვის და უფროსთათვისაც წავიკითხო ნაწარმოებები.
უფლება არ მაქვს ის ბავშვები, ვისთვისაც მე სპექტაკლებს ვთამაშობდი, ტაიმ აუტში ვამყოფო. კვირაში ორჯერ ბავშვები ჩემი ფეისბუქის ოფიაციალურ გვერდზე მოუსმენენ ჩემს მიერ წაკითხულ ზღაპრებს, თანამედროვესაც და ტრადიციულსაც.
გუშინ ძალიან საყვარელმა პატარა გოგომ დამირეკა და მითხრა, შენი წაკითხული ზღაპარი, პრინცესა ცერცვის მარცვალზე მოვისმინე. მე პრინცესა ვარ და მინდა წითელქუდა წამიკითხოო. გადმოვყარე წიგნები და ვეძებე წითელქუდა. დავპირდი და უნდა წავიკითხო. ბავშვს რომ დაპირდები, უნდა შეუსრულო. ამ გოგონას ზარზე არანორმალურად დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი.
მაია დიაკონიძის და მარიამ წიკლაურის ზღაპრებიც უნდა წავიკითხო. თანამედროვე ქართულ ზღაპრებს ასე კარგად არ ვიცნობდი. საკმაოდ საინტერესო მასალაა.
ამ დროს, როდესაც სულ ნეგატიური აზრები აქვს ადამიანს და ფიქრობს იმაზე, გადარჩება თუ არა, მინდა ორი წუთით გაიღიმოს და კარგ ხასიათზე დადგეს, ბავშვიც და მშობელიც. ცხოვრება მშვენიერია და ამაში უნდა დავრწმუნდეთ.
საბურთალოზე ვცხოვრობ, აივნიდან გადავიხედე და ისეთი სურნელი მომივიდა, რომ კარგა ხანია ასეთი სურნელი არ შემიგრძვნია. სუფთა ჰაერის, ყვავილის, სუნამოს სუნი მომივიდა... სასიამოვნოდ გავოცდი...
ეს დრო ადამიანებმა კარგად უნდა გამოვიყენოთ. ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ, უნდა დავფიქრდეთ, რისთვის მოვედით ამქვეყნად.