მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე სახლში ყოფნის პლუსებზე საუბრობს, ატარებს ონლაინგაკვეთილებს, აღმოაჩინა - მზარეული ქალიშვილი, მოჭადრაკე შვილიშვილი და აქტიური - 78 წლის დედა. მომღერალი "პრაიმტაიმთან" იმაზეც წუხს, რომ ქართველების გამოსწორება არ იქნება.
თამრიკო ჭოხონელიძე: - ჩემთვის სახლში ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნა სიახლე არ არის. თუმცა რთულია, როდესაც ამას ხანგრძლივობა ემატება.
აღმოვაჩინე, რომ მარიამი, რომელსაც მეგონა, რომ სამზარეულოში ტრიალი არ შეეძლო, აბსოლუტურად ყველაფერს ისეთი ხალისით აკეთებს, რომ გაოგნებული ვარ. რაც მთავარია, თვითონ იღებს ამისგან დიდ სიამოვნებას.
მე და ჩემი შვილიშვილი ელენე დღის მანძილზე რამდენჯერმე ვთამაშობთ ჭადრაკს. ბავშვობაში კარგად ვთამაშობდი. მერე დიდი ხანი არ მითამაშია, აღარც მახსოვდა და ახლა გავიხსენე.
დღის განრიგში კითხვის მონაკვეთი გვაქვს ჩასმული. ცალკ-ცალკე ოთახებში განვმარტოვდებით და ვკითხულობთ. მერე წაკითხულის გარჩევას ვიწყებთ. მოკლედ, ამგვარი სიღრმისეული ურთიერთობები წავიდა.
მე და ჩემი დები ჩვენი სტუდიის ონლაინგაკვეთილებს ვატარებთ. მშობლები ძალიან მადლიერები არიან და გვწერენ - როგორ გაგვილამაზეთ ეს დღეები, იმედი მოგვეცით, ბავშვებიც ბედნიერები არიან ამ ჩართვებითო.
დედაჩემი ონლაინგაკვეთილებში ერთვება და თავისი ენერგიულობით ნამდვილად სამაგალითოა. ეს უნდა განახათ. განწყობაა მთავარი და ის ამ განწყობით მაგალითს გვაძლევს. ვცდილობთ, დედას გავუხალისოთ ეს დღეები. არ შეიძლება ასაკში მყოფ ადამიანებს ასე სისტემატიურად უკიჟინებდნენ, რომ რისკგუფში არიან. შეიძლება ასეთ დროს ძალიან დაითრგუნონ. დედა ჩვენი წყალობით არ შეშინებულა და დათრგუნულა. ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ და არ შემოვუტანოთ ვირუსი.
დედა 78 წლის არის და მინდა მისი ასაკის ქალბატონებს ვუთხრა, რომ ფუნქცია არ დაკარგონ. ის, რომ ისინი არსებობენ, უკვე დიდი ფუნქცია აქვთ. მათ აქეთ უნდა დააიმედონ ახალგაზრდები. ახალგაზრდებსაც უნდა ჰქონდეთ იმის შემართება, რომ გაუძლონ და დაამარცხონ ამხელა განსაცდელი.
უჩვეულოა ასევე ისიც, როდესაც ვუყურებ, როგორ დეზინფექციას აკეთებს სახლში ელენე. რომ ვუყურებ, მეცინება. არ ვიცი, როგორ მოიქცევიან ბავშვები მერე, მაგრამ უკვე შეცვლილია ცხოვრების წესი.
ამ შეცვლილ სამყაროში დადებითი უნდა ვეძებოთ, სხვანაირად არ შეიძლება, ძალიან გავტყდებით.
ოჯახის წევრები ნორმალურად არც იცნობდნენ ერთმანეთს. განვიცდიდი, რომ ახალ წელს კარს უკეტავდნენ ადამიანები და სახლიდან გადიოდნენ იმ დროს, როდესაც ტრადიცია უნდა შენარჩუნებულიყო და ოჯახის წევრებს ერთმანეთისთვის თბილი სიტყვა ეთქვათ.
არ მინდა ჩინეთის სტატისტიკის განმეორება - ოჯახების დანგრევა. პირიქით, მინდა მეტად შეკავშირდნენ. საქართველოში მოსიყვარულე ადამიანები ცხოვრობენ და შეუძლიათ დასამარებული სიყვარული ამოატივტივონ.
რთულია ტაძრებში მიუსვლელობა, თუმცა სადაც უფალს მოუხმობ და გულწრფელად ილოცებ, ყველგან არის. ამჯერად განსაცდელმა ზოგადსაკაცობრიო სახე მიიღო. უგუნური საქციელების გამო გამოცდასაც გავდივართ. ვფიქრობ, უფალი იმაშიც გვცდის, რამდენად გვწამს. როცა გვწვამს, სახლშიც გვწამს, ქუჩაშიც და ტაძარშიც. აბსოლუტურად არაფერი არ არის იმაში მიუღებელი, რომ როცა მიგითითებენ, სახლში დარჩე, ასეც უნდა მოიქცე და სახლში მოიწყო დღესასწაული.
როდესაც ავად ვიყავი და ტაძარში ვერ წავედი, არ მქონია იმის შეგრძნება, რომ მე უფალი განმეშორა. პირიქით, ღმერთის ჩემთან ყოფნა ვიგრძენი. მგონია, რომ თამამად ვეტყვით ერთმანეთს - ქრისტე აღსდგა! გულწრფელი განცდა მაქვს იმის, რომ უფალი ჩემთან არის.
- რისთვის გგონიათ ეს ყველაფერი, ადამიანების სასიკეთო ცვლილებისთვის?
- ასე უნდა იყოს, თუმცა ვერ გეტყვით არის თუ არა ასე. ახლა თუ ვერ გამოვძვერით ამ განსაცდელიდან, კაცობრიობა დაიღუპება. ქართველს ჭკუას ვერ ასწავლიო, ამბობენ და ასეა. მაინც არ ვეშვებით ერთმანეთის დაჭმას. ერთმა მომღერალმა კოროვირუსისგან დათრგუნული ადამიანების მხარდასაჭერად სიმღერა გადააკეთა და "ფეისბუქზე" კომენტარებში ისე ლანძღავდნენ, გული გამისკდა. მაინც გაბოროტებულია ხალხი. ისე გადაუარეს... ჩემ დებთან ერთად, სახლში დარჩენაზე სიმღერით მოწოდებას მეც ვაპირებდი, მაგრამ რაც ეს გამოხმაურებები წავიკითხე, შევშინდი. დამაბრკოლეს, დავფიქრდი. როგორც ჩანს, ჭკუას ვერ ვსწავლობთ.
ახლა ბევრი ფიქრის დროა. უნდა გავაანალიზოთ განვლილი ნაბიჯები, რომელიც გადაგვიდგამს, სწორი იყო თუ არა ისინი.