2017 წლის კურსდამთავრებული მოსწავლეები, რომლებიც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით ჩაირიცხნენ

11:59 06-05-2017
1650

ავტორტი: სალომე ჩადუნელი

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო კვლევები საქართველოში არსებული ზოგადი განათლების დრამატულ სურათს ხატავს, ჩვენ ნამდვილად გვყავს მოსწავლეები, რომელთა სასკოლო მოსწრება საკმაოდ მაღალია და უფრო მეტიც, მათ ამერიკისა და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტები საკუთარ რიგებში სრული დაფინანსებებით იღებენ.

„პრაიმტაიმმა“ რამდენიმე ასეთი მოსწავლე მოძებნა, მათ შორის: მერი კავთელიშვილი, ზაზა ასათიანი და ზურაბ ცინაძე. ისინი „პრაიმტაიმის“ მკითხველს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ და უცხოეთში სწავლით დაინტერესებულ მოსწავლეებს რეკომენდაციებსაც მისცემენ.
მერი კავთელიშვილი – გოგონა, რომელიც მსოფლიოს 4-მა წამყვანმა უნივერსიტეტმა უმაღლესი დაფინანსებით მიიღო!

მერი კავთელიშვილი კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულია. მან 12 კლასი ოქროს მედალზე დახურა. სწავლის გაგრძელების სურვილით, მისთვის სასურველ რამდენიმე უნივერსიტეტს საკუთარი მონაცემები გაუგზავნა. ის ერთდროულად 4-მა უნივერსიტეტმა მიიღო: University of Pennsylvania (Upenn), Middlebury College, Colgate University და Bucknell University და თითოეულმა, საშუალოდ, $250 000-იანი დაფინანსება მისცა.

მერიმ სწავლის გასაგრძელებლად University of Pennsylvania ამოირჩია, რომელიც Ivy League-ს წევრი უნივერსიტეტია; Ivy League-ში ამერიკის რვა ყველაზე პრესტიჟული და რჩეული უნივერსიტეტი შედის, როგორიც არის ჰარვარდი, პრინსტონი, იელი, კოლუმბიის უნივერსიტეტი, კორნელი, ბრაუნი და დარტმუსი. University of Pennsylvania ბენჯამინ ფრანკლინმა დააარსა და სიძველით მეოთხე უნივერსიტეტია ამერიკაში. ყოველწლიურად პენსილვანიის უნივერსიტეტი აპლიკანტების მხოლოდ 9%-ს იღებს. U.S News & World Report-ის რეიტინგში University of Pennsylvania ამერიკის შტატებში მერვე ადგილს იკავებს. ამ უნივერსიტეტში სწავლობდნენ ისეთი გამოჩენილი ადამიანები, როგორებიც არიან დონალდ ტრამპი და უორენ ბაფეტი.

მერი კავთელიშვილმა უნივერსიტეტები სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით შეარჩია, მათ შორისაა რეიტინგი, ლექტორები, პრაქტიკული სწავლება, დაფინანსების ფორმები და პროფესია:

მერი კავთელიშვილი:
– უნივერსიტეტებს როდესაც ვეძებდი, US News გამოვიყენე, სადაც უნივერსიტეტები რეიტინგის მიხედვითაა ჩამოწერილი. უპირველეს ყოვლისა, მჭირდებოდა ისეთი უნივერსიტეტი, რომელიც საზღვარგარეთის სტუდენტებზე დაფინანსებას იძლეოდა. არის ზოგიერთი უნივერსიტეტი, რომელიც საზღვარგარეთის სტუდენტებს დაფინანსებას არ აძლევს. ამის მიხედვით ძალიან ბევრი უნივერსიტეტი გამოირიცხა. სწავლას ფიზიკის ფაკულტეტზე ვაპირებ და ამის მიხედვითაც გამოვრიცხე ის უნივერსიტეტები, რომელსაც ფიზიკის კარგი ფაკულტეტი არ ჰქონდა. შემდეგ დაველოდე SAT-ის ქულებს. ეს გამოცდა უნდა ჩამებარებინა, რომ აშშ-ს უნივერსიტეტებში აპლიკაცია გამეგზავნა. SAT საგნობრივ გამოცდას გულისხმობს. ასევე, ჩავაბარე TOEFL-ის გამოცდა. როცა უკვე გამოცდის ქულები გავიგე, შევარჩიე უნივერსიტეტები, რომლის საშუალო ქულა ჩემს ქულაზე მაღალი, დაბალი ან ჩემი ტოლი იყო. ანუ სამ კატეგორიად გავყავი და ასეთ უნივერსიტეტებში გავაგზავნე. სულ 20-მდე უნივერსიტეტში და პასუხი ოთხიდან მომივიდა.

– ოთხივე უნივერსიტეტიდან მიიღე სრული დაფინანსება, აირჩიე პენსილვანია, რას გიფინანსებს უნივერსიტეტი, კონკრეტულად რომ გვითხრა?

– ფაქტობრივად, ყველაფერს, ცხოვრებას, კვებას, სწავლას. ჩემი ხარჯებით მხოლოდ აშშ-ში უნდა ჩავფრინდე. დაფინანსებაში შეჰყავთ პროგრამა, რომელსაც ჰქვია სწავლა, მუშაობა და იქ გაძლევენ სამუშაოს, რომელიც დიდ დროს არ მოითხოვს და ფულს გიხდიან.

– რატომ აირჩიე პენსილვანიის უნივერსიტეტი?

– იმიტომ რომ ჩემი ფაკულტეტისთვის, ფიზიკისთვის, ყველაზე მეტი რესურსები აქვს, უფრო პრესტიჟულია. ოთხივე უნივერსიტეტში ძალიან ნიჭიერი მოსწავლეები სწავლობენ, მაგრამ პენსილვანიის უნივერსიტეტს აპლიკანტების მხოლოდ 9% იღებს და SAT-ის საშუალო ქულა უფრო მაღალი აქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ უფრო მაღალი მოსწრების სტუდენტები სწავლობენ. რაც უფრო კონკურენტული გარემოა, განვითარების საშუალება უფრო მეტია. პროფესორებიც თავიანთ სფეროში უფრო წარმატებულები არიან და ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო.

– რამდენად მზად ხარ სტუდენტური ცხოვრებისთვის საქართველოდან შორს, კონკურენტულ და უცხო გარემოში?

– ვფიქრობ, მზად ვარ. ჩემს თავს დამოუკიდებელ ადამიანად ვთვლი. დაფინანსების პროცესშიც დამოუკიდებლად გავიკვლიე გზა. საზღვარგარეთ მარტო ყოფნისა და ოჯახისგან დამოუკიდებლად ცხოვრების გამოცდილებაც მაქვს. ვფიქრობ, არ გამიჭირდება.

– როდესაც უნივერსიტეტები არჩევენ სტუდენტებს, აკადემიური მოსწრებისა და გამოცდების ქულების გარდა, ყურადღებას აქცევენ სკოლის გარეთ აქტივობებსაც, ამ მიმართულებით რა იყო შენი მთავარი სიძლიერე?

– ვფიქრობ, ერთი კონკრეტული სიძლიერე არ მქონია. ჩემი აქტივობები გაფანტული იყო. გამოვარჩევდი ერთ-ერთ პროექტს, რომელიც მეწარმეობას მოიცავდა და „JUNIOR ACHIVEMENT“ ახორციელებდა. სკოლის შიგნით უნდა შეგვექმნა ჯგუფი, რომელიც ორგანიზაციას შექმნიდა. ეს ორგანიზაცია რეალურად ბიზნესკომპანიაა, ნამდვილი ბიზნესი ჩამოვაყალიბეთ იმ მხრივ, რომ შევადგინეთ ბიზნესგეგმა, მარკეტინგული გეგმა, ვაწარმოეთ ნამდვილი პროდუქტი, საპნები, სხვადასხვა ფორმის, ზომის და შიგნით ჰქონდა სათამაშო, რაც ბავშვს მოტივაციას აძლევდა, რომ ხელები უფრო მალე დაებანა, რათა სათამაშო აღმოეჩინა. ასევე, გვქონდა აქციები, სადაც ვიწვევდით ცნობილ და წარმატებულ ადამიანებს და ვცდილობდით, ისინი ჩვენი აქციონერები გაგვეხადა. საქართველოში გავიმარჯვეთ და შემდეგ გავემგზავრეთ ევროპის ჩემპიონატზე. ასევე, ჩართული ვიყავი ოლიმპიადებში კონკურსებში, ფიზიკა-მათემატიკის ოლიმპიადის ფინალისტიც ვიყავი ორჯერ, კვლევებშიც მაქვს მონაწილეობა მიღებული და ეს ყველაფერი დამეხმარა. სერიოზული კვლევა ფიზიკის მიმართულებით არ ჩამიტარებია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩავატარებ.

– ხომ არ გაქვს უკვე გადაწყვეტილი, რაზე გინდა კვლევის ჩატარება?
– დარწმუნებული ჯერ არ ვარ, მაგრამ გული განახლებადი ენერგიისკენ, ენერგიის შემნახველი ტექნოლოგიებისკენ და მზის პანელებისკენ მიმიწევს. რეალურად ეს უნივერსიტეტი საშუალებას იძლევა, ორი წელი არ გქონდეს გადაწყვეტილი, რომელ კურსზე აბარებ და მერე აირჩიო მიმართულება. ჯერჯერობით ფიზიკას ვფიქრობ და ვნახოთ, იქ რომ მივალ, რა იქნება.

– სკოლისა და სწავლების გარეთ რაიმე გატაცება ხომ არ გაქვს, ჰობი, ინტერესები?

– მე ჩემს თავს ვთვლი ეკვალისტად, ფემინიზმია რეალურად, მაგრამ ამ სიტყვის გამოყენება არ მიყვარს, იმიტომ რომ ცუდი კონოტაციები აქვს. სხვადასხვა სტატიებს ვკითხულობ გენდერზე და ვცდილობ, ჩემი გარშემომყოფებიც დავაინტერესო.

მერი კავთელიშვილი მაგისტრატურისა და დოქტორანტურის გავლასაც აშშ-ში გეგმავს, მიიჩნევს, რომ აშშ-ში განვითარებისა და სწავლის უფრო მეტი ხელშეწყობა და რესურსია. ის იმედს იტოვებს, აშშ-ში მიღებული ცოდნა საქართველოს გამოადგება.
ზაზა ასათიანი – მოსწავლე, რომელმაც სრული დაფინანსება 5 ამერიკული უნივერსიტეტიდან მიიღო და პრინსტონი აირჩია

ზაზა ასათიანმა ამერიკული აკადემია ოქროს მედალზე დაამთავრა. ბაკალავრიატის საფეხურის აშშ-ში გასაგრძელებლად აპლიკაცია 15 უნივერსიტეტს გაუგზავნა. თანხმობა 5 უნივერსიტეტიდან მიიღო, სრული დაფინანსებით. ეს უნივერსიტეტებია: Princeton, Johns Hopkin-ის უნივერსიტეტი, Vassar-ის კოლეჯი, UC Berkeley და UCLA. ეს უნივერსიტეტები მსოფლიო ათეულში შედის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ის პირველი ქართველია, რომელიც ჰოპკინსის უნივერსიტეტმა ბაკალავრის საფეხურზე მიიღო, თუმცა ზაზა ასათიანმა არჩევანი პრინსტონზე შეაჩერა.
გარდა იმისა, რომ წარმატებული მოსწავლეა, ბავშვობიდან ხატავს. 6 წლის ასაკში პირველი გამოფენა ჰქონდა და მას შემდეგ მხატვრობით სერიოზულად დაინტერესდა. მართავს პერსონალურ გამოფენებს. ამბობს, რომ დამახასიათებელი სტილი აქვს და მის ნამუშევრებს სხვებისგან აუცილებლად გამოარჩევთ, ასევე წერს მოთხრობებსაც.

ზაზა ასათიანი:
– ყველას ოცნებაა, რომ რაც შეიძლება კარგმა უნივერსიტეტმა მიიღოს, მაგრამ ეს ისეთი საკითხია, რომ მხოლოდ კარგ მოსწავლეობაზე არ არის დამოკიდებული. ძალიან ბევრი კარგი მოსწავლე უგზავნის იმ უნივერსიტეტებს აპლიკაციას, რომელმაც მე მიმიღო, მაგრამ ვერ ხვდება. არ ველოდი-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ იმედი მქონდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მხოლოდ ტესტებზე და კარგ ნიშნებზე არ არის დამოკიდებული.

– შენი გამოცდილებით რომ გვითხრა, კიდევ რა ფაქტორებზეა დამოკიდებული, გარდა ქულებისა?

– რთულია, ასე კონკრეტულად თქვა. ჩემი აზრით, უნივერსიტეტს უნდა მოეწონო, როგორც პიროვნება, დაგინახოს თავის გარემოში, როგორც წარმატებული მოსწავლე და მიხვდეს, რომ მის აურას მოერგები. ყველა უნივერსიტეტს საკუთარი გადმოსახედი აქვს, როგორ კანდიდატებს ეძებს. ამიტომ აქცევენ ყურადღებას ყველაფერს, მათ შორის თემას, რომელსაც დიდი დრო დავუთმე. კიდევ მასწავლებლის რეკომენდაციას და სხვადასხვა კითხვებია, სადაც წერს, თუ კლასგარეშედ რას აკეთებ, რა ჰობები გაქვს და ა.შ.

– კონკრეტულად რას გულისხმობს თემის დაწერა, შეგიძლია, გვითხრა?

– მოცემულია 5 სხვადასხვა საკითხი, რომლიდანაც უნდა აირჩიო ერთი. ძირითადად ეხება განვითარებას, რაღაც პროგრამას, რაც შენი ინტერესის სფეროა ან შენი ოჯახის შესახებ ინფორმაციას, ძალიან პირადულ საკითხებს ეხება, რათა დაგინახონ არა მარტო მოსწავლედ, არამედ როგორც ადამიანი. შემოღებულია აპლიკაციის ერთი ფორმა, რომელშიც 500-მდე უნივერსიტეტი მონაწილეობს. რა თქმა უნდა, 500-ვე უნივერსიტეტში აპლიკაციას ვერ გაგზავნი, მაქსიმუმ 20 შეგიძლია აირჩიო, თუმცა ამ ყველა არჩეულ კოლეჯს ერთ აპლიკაციას უგზავნი. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომ გაძნელდა მოხვედრა. უკვე ბევრი აგზავნის აპლიკაციას, ვიდრე აქამდე. 2000 წლებში თუ იღებდნენ 20%-მდე, ახლა ჩამოვიდა 5-6%-ზე.

– ანუ მთავარი მიზანია, უნივერსიტეტს თავი მოაწონო, როგორ უნდა მოახერხო ეს? მიეცი რეკომენდაციები იმ მოსწავლეებს, ვისაც უცხოურ უნივერსიტეტში ჩაბარება უნდა.

– მათ უნდა დაანახო, რომ შენ მაქსიმალურად მოინდომე და გამოიყენე ყველა ის შესაძლებლობა, რაც გქონდა სკოლაში. ჩემი აზრით, ეს არის სწორი. ზოგს კარგი ფინანსური შემოსავალი აქვს, შეუძლია იაროს საუკეთესო სკოლაში, ზოგს არ აქვს ამის საშუალება და შეუძლია საჯარო სკოლაში სიარული. ისინი არ ადარებენ ერთმანეთს, რომელ სკოლაში დადიხარ, მთავარია, იმ სკოლაში, გარემოში და ქვეყანაში, სადაც ხარ, ყველა რესურსი მაქსიმალურად გამოიყენო. მათ აინტერესებთ, რამდენად გაქვს უნარი, იშრომო და ყველა ის შესაძლებლობა გამოიყენო, რაც გეძლევა.
– რას ფიქრობ, რა იყო შენი მთავარი უპირატესობა, რის გამოც უნივერსიტეტებმა მოგიწონეს?

– ჩემი აზრით, მთავარი არის გულწრფელობა და დეტალებზე საუბარი. მე დავწერე თემა: ჩემი დამოკიდებულება დროის მიმართ და როგორ იცვლება ჩემი დამოკიდებულება დროისადმი და არა, მე როგორ ვიცვლები დროში, ეს ბანალური იქნებოდა. ორიგინალურობასაც აქვს მნიშვნელობა, მაგრამ გულწრფელობას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. მე ვფიქრობ, რომ ჩემი პრივილეგია სხვებთან მიმართებით გულწრფელობა იყო. ასევე, აქტიური კლასგარეშე ცხოვრებაც მაქვს. ვარ მხატვარი, ვწერ მოთხრობებს და მათ ჩემი საქმიანობების შესახებ ყველაფერი გავუგზავნე.

– აირჩიე ამერიკა და არა ევროპა რატომ?
– არ მინდა ვთქვა, რომ ევროპას ცუდი განათლება აქვს, ეს არასწორი იქნება. თუ შევადარებთ ევროპასა და ამერიკას, აშშ-ს პრივილეგია არის ის, რომ უცხოელისთვის მორგება ძალიან მარტივია, ბევრი მიგრანტია. ევროპელები ცივები არიან, ჩემი მოგზაურობის გამოცდილებიდან ვიცი. ცოტა ზემოდანაც უყურებენ ჩასულებს. ამერიკა უფრო კარგად აფინანსებს, ვიდრე ევროპა. ამერიკელებს ბაკალავრის საფეხურზე, პროფესიულ განათლებაზე აქცენტი არ აქვთ. მიმართულებას ძირითადად მეორე კურსის ბოლოს ირჩევ. შეგიძლია, ყველა სფერო სცადო მიედ-მოედო და შენთვის სასურველი მიმართულება აირჩიო. ეს კარგია, რადგან რთულია მე-12 კლასი დაამთავრო და უკვე იცოდე, რა გინდა.

– რომ გვითხრა შენი ემოციები, რა გრძნობა დაგეუფლა, როცა გაიგე, რომ პრინსტონის პირველი ქართველი სტუდენტი იყავი?

– მუშაობის პროცესი დამღლელია, თუმცა ლოდინის პროცესი, განცდების მხრივ, ყველაზე დამღლელია. ვერ ისვენებ, გინდა არ იფიქრო, მაგრამ სულ ფიქრობ. მე დაფინანსება მჭირდებოდა, ისე სხვანაირად, ალბათ, ვერც წავიდოდი, ამიტომ ყველაზე ძნელი ლოდინია. პასუხის მოსვლის შემთხვევაში, ჯერ ვერ იჯერებ. პრინსტონიდან და ბერკლიდან პასუხი ღამის პირველ საათზე მომივიდა და სანამ დავრწმუნდი, რომ მიმიღეს წერილი სამჯერ წავიკითხე. მაინც ძნელია, ბოლომდე რეალიზება გაუკეთო ამ ყველაფერს. მერე როცა უკვე წერილებს გწერს უნივერსიტეტი და უშუალო კონტაქტზე გადმოდის, ამასაც ეჩვევი და გგონია, რომ გაგიმართა და მადლიერი ხარ, მაგრამ ამავდროულად ღირსი იყავი, რომ მიგიღეს. თუ ღირსეული კანდიდატი არ ხარ, ასე გამართლებით არავინ მიგიღებს.

ზურაბ ცინაძე მსოფლიოს 5-მა წამყვანმა უნივერსიტეტმა მიიღო!

კომაროვის სკოლის კიდევ ერთი 2017 წლის კურსდამთავრებული ზურაბ ცინაძე მსოფლიოს 5-მა წამყვანმა უნივერსიტეტმა მიიღო: University of Bridgeport, University of Bologna, KU Leuven, University of Debrecen და Budapest University of Technology and Economics.
ზურაბ ცინაძემ, მერი კავთელიშვილისა და ზაზა ასათიანისგან განსხვავებით ევროპა აირჩია.
„ყველაფერი მარტივია, უკავშირდები შენთვის სასურველ უნივერსიტეტებს, უგზავნი სერტიფიკატს, სივის, გამოცდების შედეგებს, თუ გაქვს დაწერილი. ევროპაში ავარჩიე რეიტინგული უნივერსიტეტები და ქვეყანასაც მივაქციე ყურადღება. ბელგიაში, იტალიაში გავაგზავნე. ჩემი მიმართულებაა მათემატიკაა, მაგრამ ზოგან ბიზნესი მაქვს მითითებული და ზოგან ფინანსები, დაახლოებით 10 უნივერსიტეტში გავაგზავნე ჩემი აპლიკაცია. ასევე მაქვს ბევრი აქტივობა, მათ შორის ოლიმპიადები“, – ამბობს ზურაბ ცინაძე.
ზურაბ ცინაძე სხვა უნივერსიტეტიდანაც ელოდება პასუხებს და გადაწყვეტილებას, რომელ უნივერსიტეტს აირჩევს, მას შემდეგ მიიღებს, რაც ყველა უნივერსიტეტის პასუხი ეცოდინება.

P.S. ჩვენ მოსწავლეებს გამოცდების ქულების შედეგების მოწოდება ვთხოვეთ. ქულები თითოეულმა მათგანმა მოგვაწოდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ სამივე მათგანმა საინტერესო პოზიცია დააფიქსირდა. მათი სურვილი იყო, ქულები არ გამოგვექვეყნებინა ერთი არგუმენტის გამო: „არ ვფიქრობ, რომ ქულების გამოქვეყნება კარგი იდეაა. ზოგადად, ამერიკაში უნივერსიტეტი მიგიღებს თუ არა, ქულების გარდა, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, და საქართველოს სისტემის მიხედვით შეიძლება ბევრმა ადამიანმა არასწორად ჩათვალოს, რომ ჩემს ქულაზე დაბალი ქულით ვერ მოხვდება. არადა არის შემთხვევები, როცა თუნდაც მაქსიმალური ქულით უარს ეუბნებიან, ან უფრო დაბალი ქულით იღებენ, და ეს ქულა „ზღვარი“ არაა“.
ჩვენც ვიზიარებთ მათ პოზიციას და გამოცდების ქულებს შეგნებულად არ ვაქვეყნებთ. თუმცა აღვნიშნავთ, რომ მათი საგამოცდო შედეგები ღირსეულია.

ავტორი: თეონა აბესაძე