The Washington Post-ის ცნობით, დონალდ ტრამპი მზად არის, რუსეთის პრეზიდენტს საკუთრება დაუბრუნოს. საუბარია მერილენდსა და ნიუ-იორკში რუსი დიპლომატების აგარაკებზე.
გაზეთის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ ამის შესახებ რუსეთის ხელისუფლებას უკვე შეატყობინა. სანაცვლოდ ვაშინგტონი სანკტ-პეტერბურგში მშენებარე საკონსულო შენობის დასრულებას ითხოვს. ეს საკითხი მოგვარებული იყო, თუმცა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებისთანავე გაიყინა.
სახელმწიფო მინისტრის ტილერსონის განმარტებით, თეთრმა სახლმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და რუსეთის ელჩს ამერიკაში უკვე განუმარტეს, რომ ისინი დიპლომატიური აგარაკების დაბრუნების საკითხს სანკტ-პეტერბურგში შეჩერებული საკონსულო შენობის თემას არ უკავშირებენ.
მიუხედავად ამისა, რუსეთისთვის საკუთრების დაბრუნების შემთხვევაში თეთრი სახლი მისთვის დიპლომატიური სტატუსის მოხსნას არ გამორიცხავს. ამ შემთხვევაში კი ამერიკელ სამართალდამცავებს შეეძლებათ, აგარაკების ტერიტორიაზე თავისუფლად შესვლა და გადაადგილება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს თეთრ სახლთან ამ საკითხზე რაიმე სახის შეტყობინების მიღებას. მოსკოვში აცხადებენ, რომ ჩამორთმეული საკუთრების გამო მათ შესაძლოა, სოლიდური ფინანსური ანაზღაურება მოითხოვონ. სერგეი ლავროვის უწყებაში მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ რუსეთის მხარემ ეს პრობლემა წამოსწია და საუბარი სახმინისტრ ტილერსონთან შედგა, თუმცა, რაიმე პასუხი კრემლში ჯერ არ მიუღიათ.
2016 წლის 29 დეკემბერს ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას, მიზეზი საპრეზიდენტო არჩევნებში რუსი ჰაკერების ჩართულობა გახლდათ. ამის გარდა, 35 რუსი დიპლომატი, რომელიც ამერიკაში მუშაობდა, პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.
ამერიკულმა მხარემ რუსულ მხარეს ამ დიპლომატიური აგარაკებით სარგებლობა აუკრძალა. აკრძალვას ოფიციალური განმარტებაც მოაყოლეს – ამ ტერიტორიას მოსკოვი სადაზვერვო მიზნებისთვის იყენებდა. თუმცა, როგორც რუსული მხარე აცხადებს, რაიმე სახის მტკიცებულება ამერიკელებს არ წარმოუდგენიათ.
მერილენდის შტატში განთავსებულ დიპლომატიურ აგარაკებზე რუსი დიპლომატები, ოჯახებთან ერთად, ყოველ შაბათ-კვირას ჩადიოდნენ. როგორც წერენ, აქ 40-ზე მეტი ოჯახისთვის იყო აგარაკები გაშენებული.
აქ სპორტკომპლექსები იყო და ხშირად ეწყობოდა სხვადასხვა სახის ღონისძიებები, ზაფხულში კი აგარაკებს ბანაკად იყენებდნენ, სადაც არა მხოლოდ რუსი დიპლომატების შვილები ისვენებდნენ, არამედ დსთ-ს ქვეყნებიდან ჩამოსული ბავშვებიც.