ეკა მიშველაძის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ქართველი მფრინავის საქმეში ჩართულია

14:50 06-06-2017
99

პრეზიდენტის პრეს-სპიკერი ეკა მიშველაძე გამოეხმაურა კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის საკითხს.

როგორც მიშველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მფრინავის დატყვევების პირველივე ინფორმაციის მიღებიდან, პრეზიდენტის დავალებით, საგარეო ურთიერთობათა მდივანი ჩართულია ამ პროცესში და ყოველდღიურ ურთიერთობაში იმყოფება საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოს საელჩოსთან სამხრეთ აფრიკაში. 

"მოგეხსნებათ, რომ კონგოში ვითარება არის რთული და დაძაბული, მიუხედავად ამისა, საქართველოს დიპლომატიური მისიები ყველანაირად ცდილობენ, რომ დაკარგული მფრინავის ბედ-იღბალზე ინფორმაცია მიიღონ", - განაცხადა მიშველაძემ.

მისი ინფორმაციით, პრეზიდენტი ყოველდღიურად არის ინფორმრირებული ამ საქმესთან დაკავშირებით.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი მეამბოხეებმა 27 იანვარს ჩამოაგდეს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ შვეულმფრენს მართავდა საქართველოს მოქალაქე სოსო ოსურაული, რომელიც მეამბოხეებმა ტყვედ აიყვანეს. საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე კი დაიჭრა.

სოსო ოსორაული წლების განმავლობაში ქართულ ჯარში მსახურობდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იგი შეიარაღებული ძალებიდან 2015 წელს, საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა.

ავტორი: ლილუ მიროტაძე