საქართველოს საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი ამირან სალუქვაძე, რომლის დაქვემდებარებაშიც მსახურობდა ქართულ შეიარაღებულ ძალებში სოსო ოსურაული, ამბობს, რომ ტყვეობაში მყოფი ქართველი მფრინავი ცოცხალია.
როგორც სალუქვაძემ "იმედს" განუცხადა, ორი დღის წინ მას ჰქონდა კომუნიკაცია კონგოს რესპუბლიკაში მყოფ სხვა ქართველ სამხედროებთან, რომლებმაც მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ოსურაული ცოცხალია და გამტაცებლებმა მას დისკოლაციის ადგილი შეუცვალეს.
"არის ინფორმაცია, ასევე ჩემი კოლეგების მხრიდანაც, რომ გაცვლაზეც არის საუბარი. მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს თვითონ კონგოს რესპუბლიკის ხელისუფლება. რაც შეეხება საფასურის გადახდას, ეს მწვავე თემაა კონგოს მთავრობისთვის, რადგან იციან, რომ ნებისმიერი თანხა გამოყენებული იქნება მათ წინააღმდეგ", - აცხადებს ამირან სალუქვაძე.
გუშინ კონგოში ტყვედ ჩავარდნილი იოსებ ოსორაულის ვიდეომიმართვა გავრცელდა. ვიდეოში ოსურაული ოჯახის წევრებს მიმართავს. როგორც ოსურაული მიმართვაში აღნიშნავს, მას ადამიანების დახოცვაში ადანაშაულებენ, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება.მოგვიანებით. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა განაცხადა, რომ კონგოში ტყვედ ჩავარდნილი იოსებ ოსურაულის ვიდეომიმართვა რამდენიმე თვის წინანდელია.
ქართველი მფრინავი სოსო ოსურაული ტყვეობაში 27 იანვარს ჩავარდა და ამ დრომდე მისი ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია. ოსორაულის ტყვედ ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია 22 თებერვალს სამხედრო ბლოგერმა და უფლებადამცველმა Facebook-ზე გაავრცელა. დავით ნემსაძემ მთავრობას ქართველი მფრინავის ტყვეობიდან დახსნისკენ მოუწოდა.