ვასილ მაღლაფერიძე: რუსთავი 2-მა გადაწყვიტა არ ეპასუხა და ჩვენ ვალდებულები ვიყავით გვემოქმედა

20:09 06-06-2017
270

საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, ტელეკომპანია რუსთავი 2-ს უკვე წლებია საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალი აქვს. 

როგორც ვასილ მაღლაფერიძემ  ,,პრაიმტაიმს" განუცხადა, საზოგადოებრივი მაუწყებლის იურისტებმა სამჯერ მიმართეს რუსთავი 2-ს წერილით, დავალიანების დაფარვის თაობაზე, თუმცა რუსთავი 2-იდან  წერილს პასუხი არავინ გასცა. 

,, მე დეტალურად არ ვიცი, ეს ვალი ჩემამდე აქვს დადებული რუსთავი 2-ს. ეს ვალები სხვადასხვა დროსაა დაგროვილი. ვალის ხასიათი სხვადასხვანაირია: ტელეგადაცემები, გადაცემების შესწიდვა და ა.შ.  რუსთავი 2 ამ ვალს  წინა წლამდე იხდიდა და შემდეგ შეწყვიტა გადახდა. სანამ სასამართლოს მივმართავდით, ჩვენ წერილით მივმართეთ რუსთავი 2-ს, მაგრამ თავი აარიდეს და არ გვიპასუხეს. კანონდებლობით ჩვენ ბიუჯეტზე გვაქვს საუბარი, საბიუჯეტო ფულია და მივმართეთ სასამართლოს, სხვა გზა არ გვქონდა. რუსთავი 2-მა გადაწყვიტა, რომ არ ეპასუხა და ჩვენ ვალდებულები ვიყავით გვემოქმედა, ეს წმინდა სასამართლო თემაა და ღრმა შინაარსი ამაში არ დევს. ასეთი დავები მიმდინარეობს ხოლმე", - განუცხადა ,,პრაიმტაიმს" ვასილ მაღლაფერიძემ. 

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ისგან ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას სასამართლოს გზით ითხოვს. საზოგადოებრივი მაუწყებლის სარჩელი საქალაქო სასამართლომ წარმოებაში უკვე მიიღო.

საზოგადოებრივი მაუწყებელი „რუსთავი 2“-ისგან ითხოვს ძირითადი ფულადი დავალიანების გადახდას შემდეგი ოდენობით: 13 575,47 აშშ დოლარი (გადახდის დღეს არსებული შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში); 100 ლარი; 12 828,68 ევრო (გადახდის დღეს არსებული შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში); 141 087,50 შვეიცარიული ფრანკი (გადახდის დღეს არსებული შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში).

აღნიშნული დავალიანება „რუსთავი 2“-ს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ წარმოეშვა მხარეთა შორის გაფორმებული სხვადასხვა ხელშეკრულებების საფუძველზე, რაც აღიარებულია „რუსთავის 2“-ის მიერ.

ძირითადი დავალიანების გარდა, საზოგადოებრივი მაუწყებელი ითხოვს „რუსთავის 2“-ს ასევე დაეკისროს პირგასამტეხლო სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისთვის.

 

ავტორი: სალომე ჩადუნელი