მთავრობის კანცელარიასთან დემირელის კოლეჯის მენეჯერის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომელსაც არასამთავრობოები, მისი ოჯახის წევრები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ.
აქციის მონაწილეები დაკავებულის თურქული მხარისთვის შესაძლო გადაცემას აპროტესტებდნენ. ემრე ჩაბუკის ოჯახის წევრების თქმით, თურქეთში ექსტრადიციის შემთხვევაში, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, რაც ქართულმა მხარემ არ უნდა დაუშვას.
მუსტაფა ემრე ჩაბუკი საქართველოში 24 მაისს დააკავეს. დემირელის კოლეჯის მენეჯერს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მუსტაფა ემრე ჩაბუკს ბრალად ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება.
2016 წლის ივლისში თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას 240-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დააკავეს 40 000-მდე და სამსახურებიდან დაითხოვეს 100 000-მდე ადამიანი. ხელისუფლების მტკიცებით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან ფეთჰულა გიულენი დგას.