გასაბერი ეკლესია იმიტომ გვინდა, რომ ნებისმიერ ადგილას შევძლოთ წაღება - "გირჩის" ახალი ინიციატივა

17:19 06-07-2017
2149

პოლიტიკური პარტია "გირჩის" წევრების მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლება" ღვთისმსახურებისთვის გასაბერ ეკლესიას ყიდულობს. ამის შესახებ ბიბლიურმა თავისუფლებამ "ფეისბუკ" გვერდზე გაავრცელა განცხადება.

"პრაიმტაიმი" დეტალების გასარკვევად "გირჩის" ერთ-ერთ წევრს, "ბიბლიური თავისუფლების" მთავარ მღვდელმსახურს, ნიკა ობოლაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ორგანიზაციას უკვე 500-მდე მღვდელმსახური ყავს, შესაბამისად, სჭირდება სივრცე, სადაც ადამიანები შეიკრიბებიან და ისაუბრებენ.

მისი თქმით, გასაბერი ეკლესიის ყიდვა იმიტომ გადაწყდა, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას შეძლონ წაღება. რაც შეეხება იდეას, ობოლაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება საერთო კრებამ მსჯელობის შემდეგ მიიღო.

"გვჭირდება ჩვეულებრივი ატრიბუტიკა, ეკლესია, რომ სახელმწიფო არ მოგვედაოს, გვჭირდება ისიც, რომ გავიდეთ რეგიონებში და შევხვდეთ ადამიანებს და ვესაუბროთ იმაზე, რა არის სწორი, ამიტომ ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იყო ეს, რომ შევიძინოთ გასაბერი ეკლესია. იმედი გვაქვს, უახლოეს პერიოდში გვექნება ეს ეკლესია და შეგვეძლება გავაგრძელოთ ის საქმე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები არ უნდა ცხოვრობდნენ მონობაში. ჩვენ ვართ ჩვეულებრივად ეკლესია, უბრალოდ საქმიანობას ვაფართოვებთ, ვცდილობთ უფრო მეტად მივიდეთ ადმაიანებთან, ვიდრე დღეს შეგვიძლია", - განაცხადა ნიკა ბოლაძემ.

სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება "გირჩის" ერთ-ერთი მთავარ პოლიტიკურ მიზანს წარმოადგენს, თუმცა, სანამ ეს მოხდება, პარტიის წევრებმა იმ ახალგაზრდების დასახმარებლად, ვისაც ჯარში წასვლა არ უნდათ, გამოსავალი იპოვეს - რელიგიური ორგანიზაცია დააფუძნეს. აღნიშნული რელიგიური ორგანიზაცია სასულიერო პირებს აკურთხებს და შესაბამის ცნობასაც გასცემს. სასულიერო წოდების მქონე ახალგაზრდები კი შესაბამისი უწყებებისგან სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებას ითხოვენ და მიზანსაც აღწევენ, რადგან კანონში არსებული ჩანაწერი მათ ამის საშუალებას აძლევს.

 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე