პოლიტიკური პარტია "გირჩის" წევრების მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლება" ღვთისმსახურებისთვის გასაბერ ეკლესიას ყიდულობს. ამის შესახებ ბიბლიურმა თავისუფლებამ "ფეისბუკ" გვერდზე გაავრცელა განცხადება.
"პრაიმტაიმი" დეტალების გასარკვევად "გირჩის" ერთ-ერთ წევრს, "ბიბლიური თავისუფლების" მთავარ მღვდელმსახურს, ნიკა ობოლაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ორგანიზაციას უკვე 500-მდე მღვდელმსახური ჰყავს, შესაბამისად, სჭირდება სივრცე, სადაც ადამიანები შეიკრიბებიან და ისაუბრებენ.
ობოლაძის თქმით, გასაბერი ეკლესია იმიტომ გადაწყდა, რომ მისი წაღება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას იყოს შესაძლებელი. რაც შეეხება იმას, ექნებათ თუ არა მღვდელმსახურებს რაიმე სპეციალური სამოსი, მთავარი მღვდელმსახური აცხადებს, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, რადგან ამაზე ჯერჯერობით, არ უმსჯელიათ.
სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება "გირჩის" ერთ-ერთი მთავარ პოლიტიკურ მიზანს წარმოადგენს, თუმცა, სანამ ეს მოხდება, პარტიის წევრებმა იმ ახალგაზრდების დასახმარებლად, ვისაც ჯარში წასვლა არ უნდათ, გამოსავალი იპოვეს - რელიგიური ორგანიზაცია დააფუძნეს. აღნიშნული რელიგიური ორგანიზაცია სასულიერო პირებს აკურთხებს და შესაბამის ცნობასაც გასცემს. სასულიერო წოდების მქონე ახალგაზრდები კი შესაბამისი უწყებებისგან სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებას ითხოვენ და მიზანსაც აღწევენ, რადგან კანონში არსებული ჩანაწერი მათ ამის საშუალებას აძლევს.