როგორ გავუმკლავდეთ სპინერზე დამოკიდებულებას - რჩევები ფსიქოლოგისგან (Exclusive)

18:11 06-07-2017
299

სხვადასხვა ფერისა თუ ფორმის, პლასტმასისა თუ მეტალის - სპინერმა მსოფლიოს სათამაშოების ინდუსტრიაში ფურორი მოახდინა. დღეს უამრავ მოზარდს ხელში უცნაური, პროპელერის მსგავსი ნივთი უჭირავს, რომელიც მარტივი კონსტრუქციითაა შექმნილი. დიდი და საშუალო თითით უნდა გეჭიროთ და ატრიალოთ. ის შეიძლება ჰქონდეს პატარა ბავშვსაც და ზრდასრულ ადამიანსაც.

რატომ გახდა სპინერი პოპულალური? არის თუ არა საშიში და როგორ გავუმკლავდეთ სპინერზე დამოკიდებულებას ? - ამ საკითხებთან დაკავშირებით ფსიქოლოგ ირმა კვაჭაძეს ესაუბრა.

- რა არის სათამაში სპინერი ?
- ეს არის შინაგანი შფოთვის მოტორული აქტივობით დაძლევა ანუ ამ შემთხვევაში, ორგანიზმში აკუმულირებულია იმპულსი, ენერგია და დაძაბულობა, რომელიც ხელის ნებისმიერი მოძრაობით იტვირთება. მოტორული აქტივობა ხელის ერთი და იგივე იმპულსური ქმედებების გამეორებაა. დღეს მოტორული აქტივობა სასიამოვნო და მარად მბრუნავ მოწყობილობასთანაა მიერთებული. სპინერმა საწერი კალმის "წკაპუნის" ფუნქცია ჩაანაცვლა. რეალურად, ამაზე მარკეტინგმა იმოქმედა და შესაბამისად, სპინერის პოპულარიზაციაზე აისახა. სპინერი შინაგანი შფოთვითი რეაქციის დაძლევის ერთ-ერთი მექანიზმია. 

- ასევე, სპინერმა საწერი კალმის "წკაპუნის" გარდა, სათამაშო "ტყლარწი" ჩაანაცვლა. 
- დიახ, ჩაანაცვლა. სპინერი ბავშვებს კონცენტრაციაში ხელს არ უშლის, პირიქით ემხმარება. სასწავლო პროცესში, როდესაც ბავშვი დაძაბულია შეუძლია ამით განიმუხტოს და ყურადღების კონცენტრაცია უკეთესად მოახდინოს. თუმცა, ბავშვი ან ზრდასრული ადამიანი, რომელიც საკუთარი თავის დამშვიდების მხოლოდ ამ ფორმას მიეჩვევა,  ამ სათამაშოზე დამოკიდებული გახდება. 

- ამ შემთხვევაში, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
- ყურადღება უნდა მივაქციოთ და გამოვიკვლიოთ შფოთვის დაგროვების მიზეზი ანუ რატომ უჩნდება ადამიანს განმეორებადი ქმედების რუტინულად კეთების მოთხოვნილება. მოკლევადიანი შედეგი, შფოთვის ვერბალიზაცია, გაჟღერება და დამუშავება განმეორებადი ქმედების ჩადენის სურვილს აქრობს.

- ამბობენ იმასაც, რომ გარდა ანტისტრესული და გასართობი დანიშნულებისა, ის დადებითად მოქმედებს აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებზე.
- მეცნიერულად დამტკიცებული მასალა ვერ მოვიძიე თუმცა, არსებობს ვარაუდები, რომ ეს შეიქმნა კონკრეტული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის: იქნება ეს ყურადღების დეფიციტი თუ ჰიპერაქტიურობის სინდრომი, ცერებრალური დამბლა ან აუტიზმის, რომელიმე სპექტრი. ეს, იმ ბავშვების და ადამიანების კატეგორიაა, რომლებსაც თავისი დიაგნოზიდან გამომდინარე განმეორებადი, აკვიატებული ქმედება ახასიათებს. შესაბამისად, ყურადღების დეფიციტის მქონე ბავშვის დიაგნოზიდან გამომდინარე ენერგია გაცილებით მოჭარბებულია და მას მოტორული აქტივობა სჭირდება. შეიძლება ითქვას, რომ სპინერის გამოყენება ამ ბავშვებისთვის უფრო მიზანშეწონილია. თუმცა, ეს ბავშვებიც არ უნდა გახდნენ ამ სათამაშოზე ზედმეტად დამოკიდებულნი. 

- რამდენად საშიშია და რა საფრთხეები არსებობს?
- საშიში ნამდვილად არ არის. თუმცა, თუ გადაიზრდება აკვიატებულ ქმედებაში ადიქციის ფორმას მივიღებთ ანუ ემოციურ მიჯაჭვულობას. ამ შემთხვევაში, უნდა ვისარგებლოთ ქცევის ჩამოყალიბების წესებით. ქცევა ყალიბდება 21 დღეში და მწიფდება 21 დღის შემდეგ, ანუ დამიკიდებულება ამ პერიოდში ჩდება და ვითარდება. რა თქმა უნდა, თავიდან უფრო სასიამოვნო მომენტია, მაგრამ შემდეგ ბუნებრივად და რეალურად უნდა მოხდეს "მოყირჭების" მომენტი  და აქტიური აღარ უნდა იყოს. სპინერის გამოყენება ნაკლები ზიანის პრინციპით უმჯობესია. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს არანაირი ადიქცია არ აქვს და სპინერზე დამოკიდებული ხდება, მაშინ ეს დამოკიდებულება პრობლემაა და შესაბამისი ზომები უნდა იქნეს მიღებული. მაგალითად, რომ გითხრათ მოწევის ადიქცია ჯობია თუ სპინერის, რა თქმა უნდა, ნაკლები საფრთხიანობის პრინციპით შინაგანი დაძაბულობის განსამუხტად სპინერი ჯობია. თუმცა, იდეალური იქნება თუ შინაგანი დაძაბულობის მოსახსნელად ჯანსაღი ფორმა იარსებებს, რომელზეც ადამიანი დამოკიდებული არ გახდება.

​- როგორ უნდა გავუმკლავდეთ სპინერზე დამოკიდებულებას?
 - პირველ რიგში, უნდა მოვახდინოთ პროცესის ვერბალიზაცია. გავიგოთ რატომ გვაქვს ამის მოთხოვნილება, რა დაძაბულობის განმუხტვას ვაკეთებთ და შემდეგ...  ეს არის ჩვეულებრივი ფსიქოთერაპიული მომენტი, მაგრამ დამოკიდებულებაზე მას შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ, რაც იმპულსური ქმედება აკვიატებული ქცევა გახდება. მაქსიმუმ ათ დღეში უნდა გადავიდეს, თუ ათი დღის შემდეგაც იქნება გამოყენების სურვილი, მაშინ საჭიროა სპეციალისტის კონსულტაცია, უნდა გაირკვეს რატომ მიეჯაჭვა და რისი ჩანაცვლება ხდება ამ სათამაშოთი. 

ავტორი: თეონა აბესაძე

ავტორი: თეონა აბესაძე