ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ევროპაში, მათ შორის საქართველოში განხორციელებულ/მიმდინარე ქმედებებს და ასახავს მათ აღსაკვეთად აშშ-ს ხელისუფლების მიერ განსახორციელებელ ზომებს. აშშ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას საკანონმდებლო დონეზე.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.
"აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს (S. 1221), რომელიც გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ევროპის და ევრაზიის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებულ/მიმდინარე ქმედებებს, საერთაშორისო სამართლისა და ნაკისრი ვალდებულებების უგულვებელყოფას, საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას, 2008 წელს ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას. კანონპროექტი გმობს რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორცილებულ და მიმდინარე აგრესიულ ქმედებებს და მოუწოდებს მისი დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ. კანონპროექტი ითვალისწინებს აშშ-ს მიერ 2018-2019 ფისკალური წლებისთვის 250 მილიონი დოლარის გამოყოფას, რომელიც მოხმარდება ნატო-სა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ასევე მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებული/მიმდინარე რუსეთის ქმედებების აღსაკვეთად გამიზნულ ქმედებებს. კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ, 90 დღის ვადაში, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა უნდა შექმნას სამუშაო ჯგუფი, რათა ადმინისტრირება გაუწიოს რუსეთის ზეგავლენის აღსაკვეთად შექმნილ ფონდს და წინ აღუდგეს რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებს.
კანონპროექტს კენჭს უყრიან აშშ-ს სენატის პლენარულ სხდომაზე. კენჭისყრის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.