პრეზიდენტი კობახიძეს პასუხობს: "ასეთი კომენტარები პოლიტიკური ტრენდია, კომენტარის გაკეთებაც არ ღირს"

14:05 06-08-2017
107

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის შესაძლო არ მონაწილეობა ვენეციის კომისიის სხდომაში დაკავშირებულია მის სუსტ პოზიციებთან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

,,ეს არ არის სიახლე. უკვე სამი თვეა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისგან ვისმენთ შეურაცხყოფას,ლანძღვას.ვატყობთ ტენდენციას, რომ ასეთი კომენტარები გარკვეული პოლიტიკური ტრენდია და ამაზე კომენტარი გაკეთებაც არ ღირს" , - განაცხადა ეკა მიშველაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.  

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა, სადაც კიდევ ერთხელ გააკრიტიკა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის პოზიციების კონსტიტუციასთან მიმართებით ,,უაღრესად სუსტია". 

”პრეზიდენტის პოზიციის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი პოზიციები კონსტიტუციასთან მიმართებაში არის ძალიან მყარი და პრეზიდენტის პოზიციები არის უაღრესად სუსტი. გუშინ თავდაცვის საკითხებზე გვესმოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების ძალიან დრამატული შეფასებები. პრეზიდენტის პოზიციები არის უაღრესად სუსტი კონსტიტუციასთან მიმართებაში, ასე რომ, მე არ მიკვრის, რომ ის თავს არიდებს პლენარულ სხდომაში მონაწილეობას”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ავტორი: თეონა აბესაძე