რას აცხადებენ შსს-ში ნარკოტიკებით შესაძლო ინტოქსიკაციით გარდაცვლილი ორი ახალგაზრდის შესახებ

18:50 05-05-2018
782

"თეთრი ხმაურის მოძრაობის" მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებასთან დაკაშირებით, სადაც საუბარია იმაზე, რომ ნარკოტიკების მოხმარების შედეგად კიდევ ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა, "პრაიმტაიმს" განუცხადეს, რომ 5 მაისს უწყებაში ორი პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, შეტყობინებები შევიდა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ორივე პირი, რომელთა გარდაცვალება შესაძლოა ნარკოტიკული საშუალებისგან ინტოქსიკაციას შეეძლო გამოეწვია თბილისში, ერთი ბახტრიონის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში და მეორე მარჯანიშვილის ქუჩაზე, ასევე საცხოვრებელ სახლშია გარდაცვლილი. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში 2018 წლის 5 მაისს, შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი ნახეს 1979 წელს დაბადებული ლ.კ. პოლიციამ ასევე შეტყობინება მიიღო მარჯანიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში 1980 წელს დაბადებული კ.კ.-ს. გარდაცვალებასთან დაკავშირებით. 

ადგილზე  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები გამოცხადდნენ.

დათვალიერების შედეგად, გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, რომლის დასკვნის საფუძველზე გარდაცვალების ზუსტი მიზეზი გახდება ცნობილი. ორივე შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით.

ამასთან, გამოძიება სხვადასხვა ვერსიებზე მუშაობს. მათ შორის განიხილება ნარკოტიკული საშუალებისგან ინტოქსიკაციით გამოწვეული სიკვდილი", - აცხადებენ შსს-ში.

ავტორი: ლილუ მიროტაძე