ესპანეთის ეროვნულმა სასამართლომ რუსეთიდან ექსტრადირებული ქართველი „კანონიერი ქურდის“ ტარიელ ონიანის საქმის განხილვა დაიწყო.
ესპანეთის პროკურატურა ონიანს დიდი ოდენობით ფულის გათეთრებას ედავება და ირწმუნება, რომ ბრალდებული „კანონიერი ქურდების ქუთაისური კლანის კრიმინალური გენერალია“.
თავად ონიანმა სასამართლო პროცესზე უარყო კრიმინალურ იერარქიაში მაღალი სტატუსი და განაცხადა, რომ „ეს მხოლოდ ლეგენდაა“.
ესპანეთმა ტარიელ ონიანის ექსტრადირებაზე რუსეთთან მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართველ „კანონიერ ქურდს“ მოსკოვში 10-წლიანი პატიმრობის ვადა ამოეწურა. საბოლოოდ, რუსეთი ესპანეთში ექსტრადირებას მას შემდეგ დათანხმდა, რაც მიიღო გარანტია, რომ ონიანს იქ ფულის გათეთრების ბრალდებას მოუხსნიდნენ და მხოლოდ მაფიის წევრობის ბრალდებით გაასამართლებდნენ. ფულის გათეთრებაზე ონიანს ესპანეთში მრავლწლიანი სასჯელი ელოდა, რუსეთის ულტიმატუმის და ვრცელი მიმოწერის შემდეგ კი მას ბრალი მნიშვნელოვნად შეუმსუბუქდება. ახლა მისი ადვოკატები ესპანეთის სასამართლოში ცდილობენ მაფიის წევრობის ეპიზოდშიც ტარიელ ონიანი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი.
ანტიკორუფციული დეპარტამენტის პროკურორმა ხოსე გრანდავმა სასამართლო მოსმენის დროს განაცხადა, რომ ონიანი გახლავთ „კანონიერი ქურდი“, რომელიც მიკუთვნებულია „ქუთაისის“ დანაშაულებრივ ორგანიზაციისა.
ამის საპასუხოდ, ტარიელ ონიანმა განაცხადა, რომ „კანონიერი ქურდობა და კრიმინალურ იერარქიაში მისი მაღალი სტატუსი მხოლოდ ლეგენდაა“.
ონიანის ვერსიით, ტერმინი - „კანონიერი ქურდი“ ბოლშევიკების დროს გაჩნდა და იგი ეხება კრიმინალებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს იმპერიის დამხობაში.
„მას შემდეგ, რაც სტალინმა მიაღწია მიზანს და მოახერხა ცარისტული რეჟიმის დასრულება, ამ ინსტიტუტმა (კანონიერი ქურდების ინსტიტუტი) დაკარგა თავისი მნიშვნელობა“, - თქვა ონიანმა სასამართლო მოსმენაზე.
მისი თქმით, იმ დროის შემდეგ არცერთი „კანონიერი ქურდი“ არ არსებობს და არც პირადად ის მიაკუთვნებს თავს „კანონიერ ქურდებს“.
გარდა ამისა, ონიანი გამოეხმაურა პროკურატურის ბრალდებას, რომ ის „ქუთაისის ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების კრიმინალური გენერალია“.
ონიანმა აღნიშნა, რომ მას საქართველოში პატივს სცემენ და გენერლად მოიხსენიებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ომის დროს თანამოქალაქეებით დაკომპლექტებულ გასამხედროებულ დანაყოფში გენერლად ითვლებოდა.
ონიანმა კატეგორიულად უარყო კავშირი საქმის მასალებში ნახსენებ სხვა კრიმინალურ „ავტორიტეტებთან“ და განაცხადა, რომ არასდროს მონაწილეობდა მაფიის შეკრებებში.
„თავს უმწეოდ ვგრძნობ. არ ვიცი, როგორ დავამტკიცო, რომ ასეთი ორგანიზაცია - „ქუთაისის დანაშაულებრივი დაჯგუფება“ - არ არსებობს. მე არ ჩამიდენია რაიმე დანაშაული, მე არ ვარ დამნაშავე არაფერში და გთხოვთ, რომ ყველა ბრალდება მომიხსნათ, რასაც ისინი (პროკურატურა) მედავებიან“, - მიმართა ტარიელ ონიანმა მოსამართლეს.
პროკურორის თქმით კი, ონიანი ესპანელ სამართალდამცველებს ერთხელ უკვე დაუძვრა ხელიდან, როდესაც წლების წინ სპეცოპერაციის დროს უნდა დაეკავებინათ, თუმცა პოლიციის თვალწინ გაიქცა და ადგილზე მიატოვა არასრულწლოვანი შვილი, გვანცა ონიანი, რომელიც მოგვიანებით კატალონიის ბავშვთა ცენტრში გადაიყვანეს.
ტარიელ ონიანის ადვოკატების მოთხოვნის მიუხედავად მოსამართლემ ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. ის განსაკუთრებით მკაცრი რეჟიმის სოტო დელ რეალის ციხეში იმყოფება.